აქტუალური
ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესს თვითმმართველობის კოდექსი გააცნო

narmaniaa-1საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და მთავრობის კანცელარიის თვითმმართველობებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მელაშვილი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პირველ პირებთან განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გაირკვა, ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ძირითად პრინციპებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობებისთვის რეალური უფლებამოსილებების მინიჭების თაობაზე იზიარებენ. ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი საკუთარ რეკომენდაციებს თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით საქართველოში უახლოეს პერიოდში გამოაგზავნის.

ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ რეკომენდაციები კოდექსთან მიმართებით პოზიტიური იქნება. საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ითანამშრომლოს ევროსაბჭოსთან განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება თვითმმართველობის რეფორმას. ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის წარმომადგენლებთან, ისე თვითმმართველობის ექსპერტებთან. ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებიან იმ პროცესებს, რაც საქართველოში თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. განვიხილეთ როგორც მთლიანად კოდექსი, ისე მისი ცალკეული მუხლები. შემიძლია ვთქვა, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი მთლიანობაში მხარს უჭერს იმ გზას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ირჩევს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თენგიზ შერგელაშვილმა.

ირაკლი მელაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოში გამოიგზავნება დასკვნა, რომლის მიღებაც კანონპროექტის მეორე მოსმენამდე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროსაბჭო ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას და იმ პრინციპებს, რომლებიც კოდექსშია წარმოდგენილი“, - განაცხადა მან.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის განცხადებით, კონგრესი თვალყურს ადევნებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რომლის მიზანსაც რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება წარმოადგენს. შარშან მონიტორინგის ანგარიშის გაცნობის შემდეგ კონგრესმა რეკომენდაციები შეიმუშავა, ხოლო ამჟამად, მონიტორინგის შემდგომი ღონისძიებების სახით, მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავეცნოთ საკანონმდებლო დოკუმენტის საბოლოო ვერსიას და განვიხილოთ საპარლამენტო კენჭისყრის შედეგები მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. მინისტრის მოადგილე ჩვენი

კონგრესის მომდევნო შეხვედრაზე უკვე მოვიწვიეთ“, - განაცხადა კიფერმა.