საზოგადოება
ციხეებში 961 პატიმარი შიმშილობს
moshimshileსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ციხეებში ამ დროისთვის 961 პატიმარი შიმშილობს, აქედან გეგუთის ციხეში - 909, სხვა ციხეებში - 52. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, 52 პატიმარი კარგა ხანია შიმშილობს, 909 პატიმარმა კი შიმშილობა გუშინ დაიწყო. "სამართლებრივია, როდესაც თითოეული მათგანი ითხოვს მისი პირადი საქმის გადახედვას და ამაში სამინისტრო ვერ ჩაერევა. პოლიტიკური ხასიათის არის ისეთი გადაწყვეტილება, საქმეების გადახედვის რა მექანიზმი იარსებებს - კომისია თუ სხვა რამ. არსებობს საკანონმდებლო ხასიათის მოთხოვნებიც, როგორიც არის გარკვეული მუხლების გაუქმება ან ლიბერალიზაცია და ესეც სულ სხვა თემაა. სამინისტროს მათ ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზედამხედველობის გარდა, არაფერი შეუძლია", - განაცხადა სუბარმა.
მინისტრის შეფასებით, პატიმრების მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება სამინისტროს მხრიდან არ არსებობს, შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაა.