სტუდენტების ნაწილი, გაუქმებული ან შეცვლილი მარშრუტების შედეგად, სამგზავრო შეღავათებით ვეღარ სარგებლობს. მათი თვიური დანახარჯი გზაზე გაორმაგდა.
სტუდენტური ტარიფი, ნაცვლად, მგზავრობის სტანდარტული ფასის, 40 თეთრისა, სტუდენტს ავტობუსით და მეტროთი 20 თეთრით მგზავრობის უფლებას აძლევდა.
მას შემდეგ, რაც 1 ნოემბერს მერიამ გააუქმა 35 ავტობუსის ხაზი და 33-მა ავტობუსმა მარშრუტი შეიცვალა, სტუდენტების ნაწილი ვეღარ სარგებლობს სპეციალური საშეღავათო პირობებით. ამჯერად, 20 თეთრის ნაცვლად, 40 ან 60 თეთრს იხდის.
საქინფორმი ერთ-ერთ სტუდენტს ესაუბრა, რომელიც აღნიშნული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ნათია მაისურაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ის ყოველ დილით ზაჰესის დასახლებიდან ვაკეში 13 ნომერ ავტობუსს დაჰყვებოდა, მაგრამ ამ ხაზის გაუქმების შემდეგ ორი ტრანსპრტის გამოცვლა უწევს.
აღნიშნულ პრობლემებს ბევრი სტუდენტი აწყდება და მათ, ნაცვლად 40 თეთრისა (ორი გზა), რასაც გზაში ყოველდღიურად ხარჯავდნენ, ახლა 80 თეთრის ან ერთი ლარის გადახდა უწევთ.