საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ქალაქის მერმა გიგი უგულავამ მთავარი პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მან პროკურატურასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. უგულავა მისთვის ბრალის დამძიმებას გაზაფხულზე დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.
თბილისის მერი აცხადებს, რომ მზადაა, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.„დაამძიმეს ბრალი. ახალი არის ის, რომ თბილისის მაგივრად აწი ვივლი რუსთავის სასამართლოში და იქ უნდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე. ჩემი საქმე აბსურდულია. ჩემს მონაწილეობაზე საერთოდ არანაირი ჩვენება არ არსებობს. უფრო სწორად, იგივე ჩვენებაა, რა ჩვენებაც არის სხვა საქმეზე. თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მოდის ადგილობრივი არჩევნები, უჭირს მთავრობას, იმიტომ, რომ ივანიშვილმა არაადეკვატური და ნამდვილად უსუსური კანდიდატი დატოვა და ახლა სისტემა ფიქრობს, როგორ შეასაღოს ეს კანდიდატი თბილისელებს. ამისთვის აუცილებელია ყველა სხვა კანდიდატის ჩამოშორება და ბუტაფორიული კანდიდატების შექმნა“, - განაცხადა მან.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და მითვისებას ეხება.