პუბლიკაციები
საქართველოში საჯაშუშო-სექტანტური ორგანიზაციების მომძლავრება გრძელდება

sektantსაქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის აპრილში, ევრაზიის ინსტიტუტმა პირველად საქართველოში, საზოგადოების ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მომძლავრებულ რელიგიურ სექტებსა და უცხო სახელმწიფოთა საჯაშუშო საქმიანობას შორის არსებული კავშირის შესახებ (ამ თემას მრგვალი მაგიდა მიეძღვნა, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ დარბაზში). ამ ღონისძიებას პრესაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ, ევრაზიის ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის მასალები ბუკლეტის სახით გამოსცა და გაავრცელა,  მაგრამ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ მოიცალა პრობლემის შესასწავლად (არათუ მოსაგვარებლად).

ამასობაში კი რელიგიური ორგანიზაციების „კრიშის“ ქვეშ საჯაშუშო საქმიანობა გრძელდება. ამჟამად წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეების რელიგიურ-იდეოლოგიური დამუშავებითა და საბოლოო ჯამში, მათი გადაბირებით, ირანის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ეს, რა თქმა უნდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ იცის და თეირანის მხრიდან არ არის გამორიცხული შესაბამისი ზომების მიღება.  ჩნდება რიტორიკული კითხვა: რამდენად არის ასეთი დაძაბულობა და რეგიონული ძალის - ირანის გადაკიდება საქართველოს ინტერესებში?.

თბილისში, ტაშკენტის ქუჩის ზედა მხარეს, ვეძისის ქუჩაზე, მოქმედებს ე. წ.ქრისტიან სიონისტთა ეკლესია, რომელიც ირანული წარმოშობის უცხო მოქალაქეებს ეკუთვნით. ეს „ეკლესია“ მდებარეობს უშველებელ კეთილმოწყობილ, ეზოიან სახლში, შესანიშნავი ხედით ქალაქზე. ასეთი სახლები თბილისში, სულ ცოტა, 300.000$ ღირს. ჩვენი წარმომადგენლის ვიზიტის მომენტში (ამაზე ოდნავ ქვემოთ) ეზოში ორი ფურგონი, ერთი „ჯიპი“ და ერთი მსუბუქი მანქანა იდგა, მათ ზედ ჰქონდათ სტიკერები, წარწერით ინგლისურ ენაზე - „მე მიყვარს იესო“. სახლში შევნიშნეთ „პინგ-პონგის“ მაგიდები და სატრენაჟორო დარბაზი. ერთი სიტყვით, „ეკლესია“ ცუდ ცხოვრებას არ უჩივის.

ევრაზიის ინსტიტუტმა მიიღო გადაწყვეტილება, უფრო ახლოს გაცნობოდა „ქრისტიან სიონისტთა“ მოღვაწეობას საქართველოში. ვეძისის ქუჩაზე მდებარე „ეკლესიაში“ მივლინებით ირაკლი ყიფიანი გაიგზავნა, რომელმაც „ეკლესიის“ მესვეურებს თავი ჟურნალისტად წარუდგინა. თუმცა პირველი ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა - სახლში არავინ იყო, ხოლო მეზობლებმა გვითხრეს, რომ სახლში ხალხმრავლობა ძირითადად შაბათ-კვირას არის ხოლმე და იქიდან ისმის ხმაური, გაურკვეველი სიმღერები და მსგავსი ბგერები. მეზობლების ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი უცნაური „ეკლესიის“ მიმართ, ნაწილი კი (ძირითადად არაქართული მოსახლეობა) - პირიქით, დადებითად.  მეზობლების საშუალებით ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა „ეკლესიის“ მესვეურებს და ინტერვიუს ჩაწერაზე შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში შეხვედრაც შედგა.

„ქრისტიან სიონისტთა ეკლესიას“ წარმოადგენდა მისი ხელმძღვანელი, პასტორი რეზა ქაჰნამოუვ (საქართველოში ბაბექ იოვარ-ად წოდებული).  საუბარი მისივე თარჯიმნის საშუალებით მიმდინარეობდა. ქვემოთ წარმოდგენილ ინტერვიუში მკითხველმა ყურადღება უნდა მიაქციოს რესპონდენტის მიერ გამოთქმულ ზოგიერთ შეუსაბამობას, რაც „ქრისტიან სიონისტთა ეკლესიის“ ნამდვილი ზრახვების შესანიღბად არის გამიზნული. კერძოდ, რესპონდენტი თავს არიდებს „ეკლესიის“ დაფინანსების წყაროების დასახელებას - არადა, როგორც აღვნიშნეთ, იგი თანხების ნაკლებობას არ უჩივის. გარდა უძრავი ქონებისა, „ქრისტიანი სიონისტები“ ახლად მოსულ წევრებზე ფულად დახმარებებსაც გასცემენ, სულ მცირე, 200-300 დოლარის ოდენობით, მათ დიდ ბრიტანეთში და სხვა დასავლურ ქვეყნებში გამგზავრებას ჰპირდებიან და ხშირად ასრულებენ კიდეც ამ დაპირებებს. წინაპირობაა „ქრისტიან სიონისტთა ეკლესიის“ წევრად გახდომა და „ღვთისმსახურებაში“ მონაწილეობის მიღება. ამჟამად „ეკლესიაში“ სამედიცინო ინსტიტუტის უცხოელი სტუდენტებიც (აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები) მოედინებიან. როგორც ჩვენს წარმომადგენელს განუცხადა ბატონმა ბაბექ იოვარმა, თბილისში მათ სულ 250 (!) სალოცავი აქვთ (მას არ დაუზუსტებია, შესაძლოა, კერძო ბინებზე აქვთ მოწყობილი ეს სალოცავები). გარდა ამისა, „ეკლესია“ თურმე მოხუცთა თავშესაფრებსაც აფინანსებს.

ინტერვიუში ყურადღებამისაქცევია კიდევ რამდენიმე გარემოება: პირველი ის, რომ თავად ბაბექ იოვარი ასახელებს საქართველოში თავის მთავარ მოკავშირეს - ანტიმართლმადიდებლური მოღვაწებით გამორჩეულ ოდიოზურ ბექა მინდიაშვილს, გამსახურდიას დროინდელი ასევე ოდიოზური მღვდელ-პარლამენტარის, არჩილ მინდიაშვილის ძმიშვილს (ცნობისათვის: არჩილ მინდიაშვილმა 1991 წელს თბილისში ერთ-ერთი რუსული ტაძრიდან რუსი მრევლი გამორეკა). მეორე ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა „ქრისტიან სიონისტთა“ უცხოელ მესვეურებს ამ ბექა მინდიაშვილის რეკომენდაციით უპრობლემოდ აჩუქა საქართველოს მოქალაქეობა; მესამე და, ჩვენი აზრით, მთავარი, დაფინანსების გაუმჭვირვალობასთან ერთად, არის ის გარემოება, რომ ბაბექ იოვარის „დამტკბარი“ საუბარი საქართველოს მიმართ ძალიან გავს სხვა სექტანტების, მათ შორის, ისლამისტი სალაფიტების მიერ დაზეპირებულ ფრაზებს - როგორ „უყვართ“ მათ საქართველო, რწმენით სხვანი არიან, მაგრამ „ქართველები“, „ამ ქვეყნის პატრიოტები არიან“ და ასე შემდეგ (უცხოურ სპეცსამსახურებში გავლილი ტრენინგების ტიპიური პროდუქტი!).  საინტერესოა, ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც თუ გამოიბერტყავენ ქართული სპეცსამსახურები ყურებს? თუ, იქნებ, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე მზრუნველი სპეცსამსახური საქართველოს აღარც კი დარჩა?

ქვემოთ გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს:

- როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიცვალეთ რელიგია და გახდით ქრისტიანი, მაინტერესებს, რატომ შეიცვალეთ რელიგია და რამ გაიძულათ, რომ ჩამოსულიყავით ირანიდან საქართველოში და დარჩენილიყავით საცხოვრებლად

- 35 წლის წინ მოხდა რევოლუცია, რომელმაც ირანის ისლამიზაცია მოახდინა და ჩემი ბავშვობა ამ ისლამური რევოლუციის ფონზე გავატარე.  ათასობით ადამიანი იყო დახოცილი, დაპატიმრბული და რეპრესირებული, ხოლო ამ ყველაფერს აკეთებდნენ ღმერთის, კერძოდ ალაჰის სახელით. ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, თუ ვინ არის ასეთი ღმერთი - ალაჰი, რომელიც მოითხოვს ადამიანთა სულებს და ხოცავს მათ.  ამ ყველაფერს კი დაერთო  ჩვენი ქვეყნის - ირანის  ომი ერთმორწმუნე მუსულმანურ ქვეყანასთან ერაყთან და მე მიკვირდა, თუ ერთმორწმუნე ხალხი ვიყავით, რატომ ვხოცავდით ერთმანეთს და ამ ომს ხომ ერთი მილიონი ადამიანი შეეწირა. შემდეგ გავხდი სტუდენტი ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამ ყოველივეს შესახებ ვიკვლევდი და მივედი იმ დასკვნამდე რომ, ისლამური რელიგია ეს არის რაღაც სიცარიელე რომელსაც შიგთავსი არ აქვს. შემდეგ დავიწყე ასეთი სახის ლოცვა: ღმერთო, მე მინდა ყველა წინასწარმეტყველები და რელიგიური წინამძღვრები დავივიწყო და მინდა უფალო შენ განმეცხადო და უშუალოდ შენ დამანახო ჭეშმარიტება. მოხდა ესეთი რამ: ჩემს საკუთარ ენაზე მე ჩამივარდა ხელთ ახალი აღთქმა, მაგრამ  ასეთი განწყობა მქონდა რომ დაღლილი ვიყავი რელიგიისგან და არ მინდოდა ახალი თავისსატეხი გამჩენოდა, მაგრამ მაინც დავუშვი ის რომ წამეღო სახლში ეს წიგნი და წამეკითხა. რაღაც სასწაულებრივად ყოველ დილით 6 სათზე მეღვიძებოდა და ვკთხულობდი ამ წიგნს. როდესაც ვკითხულობდი იესო ქრისტეს მოძღვრებას თუ როგორ ასწავლიდა ის მე ვფიქრობდი და მივდიოდი დასკვნამდე, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანის  სწავლება არ იყო. შემდეგ აღმოვაჩინე იოანეს სახარებაში ადგილი, სადაც იესო ქრისტე ამბობს: ,,შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“. უფლის წინაშე წავრსდექი ლოცვით და ვთქვი: მე ვიცი, უფალო იესო, შენ შეგიძლია მომიტიო ჩემი ცოდვები, რადგან შენ ამის გულისათვის შენი სისხლი დაღვარე“. ახალ-ახალი რაღაცები დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ხელახლა დავიბადე. ეს იყო ახალი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან, რომელსაც ვუყვარდი მე და 2 წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ  ღმერთი მომიწოდებდა, რომ ჩემი ერისთვის გამეცხადებინა მისი სახელი. მხოლოდ 500 პიროვნება გვყავს ჩვენ მოქცეული მუსულმანური რევოლუციის შემდეგ. და როდესაც ახალი ჩავლილი იყო ეს რევულიცია, თითქმის 500-ივე მუსულმანობიდან ქრისტიანობისკენ მოქცცეული ადამიანი იქნა დაპატიმრებული და დახოცილი ჩვენი მთავრობის მიერ. ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის დაფუძნება ყოვლად შეუძლებელია, ამიტომ იმ ჭეშმარიტების ქადაგება, რასაც მე ვეზიარე, დავიწყე ჩემს საახლობლოში, სამეგობროში, სანათესაოში და საოცარი ის იყო, თუ როგორ მოქმედებდა სახარება მათ ცხოვრებაში. მე ვიგრძენი მოწოდება ღმერთისგან, რომ დამენებებინა სამუშაოსთვის თავი და მთლიანად გადავსულიყავი მსახურებაში. ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა მაინც გადამძალა. ამრიგად მე დავიწყე ქრისტეს ქადაგება და ახალი აღთქმის გავრცელება ირანში.

ირანის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა დამაკავა ამ საქმიანობის გამო. რამოდენიმე დღე მაწამებდნენ პატიმრობაში ყოფნისას, მაგრამ როდესაც გავთავისფულდი ციხიდან, მივხვდი, რომ უფრო მეტი პრობლემები შემექმნებოდა ჩემს ქვეყანაში, რადგან ამჟამად ათასობით ირანელი გადმოდის ქრისტიანობაზე. ისლამური სახელმწიფო ცდილობს, რომ ეს ხალხი წნეხის ქვეშ იყოლიოს და არ გავრცელდეს სახარება. მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა ირანი. ჩემს ფიზიკურ ხელშეუხებლობას საფრთხე ემუქრებოდა. ხოლო რაც შეეხება ციხიდან თავის დახსნას, ჩემი ფინანსებით მოხდა ეს, რაც, რა თქმა უნდა, დავკარგე. ამრიგად დავტოვე ირანი და წამოვედი საქართველოში 2 წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ.

- მიიღეთ ქრისტიანობა, კონკრეტულად? მართლმადიდებელი ხართ, კათოლიკე თუ პროტესტანტი?

- როდესაც ჩვენ ბიბლიას გადავშლით, კერძოდ, „მოციქულთა საქმეთ“, ვერ ვნახავთ იქ მოციქულების ქადაგებებში, რომ ისინი ქადაგებენ ან კათოლიკურ ეკლესიას ან მართლმადიდებლურს ან პროტესტანტულს. ისინი ქადაგებენ იესო ქრისტეს, რომელიც არის მაცხოვარი ყოველი სულისა. იესო ქრისტეს ჭეშმარიტება ცვლის ადამიანების ცხოვრებას და არჩენს მათ სულს. არა ჩვენი ეკლესიის სახელი, არამედ ქრისტე იესოს ჯვარია გადამრჩენელი. როდესაც ისეთ მუსულმანურ ქვეყანაში, როგორიც ირანია, შენ ვერ იქადაგებ ეკლესიის სახელით, იქ უნდა იქადაგო იესო ქრისტეს სახელით.

საქართველოში ჩამოხვედით მარტო თუ თანამოაზრე, ან ერთმორწმუნე მეგობრებთან ერთად? თუ გელოდებოდათ აქ ვინმე? მაგალითად, თარჯიმანი გიორგი და -ნი ნინო აქ გაიცანით ჩამოსვლის შემდგომ თუ გქონდა მანამდე რაიმენაირი კომუნიკაცია?

ირანში ერთ ღამეში მივიღე ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება და მჯერა, რომ სულიწმიდამ შთამაგონა, რომ წამოვსულიყავი საქართველოში, როცა იქვე შემეძლო გავქცეულიყავი - თურქეთში, მაგრამ შინაგანი გრძნობა მქონდა, აქ უნდა ჩამოვსულიყავი. თან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა წამების შედეგად ძალიან მძიმე იყო, ნაწამები ვიყავი, ფეხები მქონდა დამტრვეული. ნორმალურად ვერც კი დავდიოდი.

- საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ როგორ დაიწყეთ მოღვაწეობა? რა ნაბიჯები გადადგით?

- მე როდესაც საქართველოში ჩამოვედი, აღმოვაჩინე ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გულით ატარებს მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდის რწმენას. აღმოვაჩნე ისიც რომ საუკუნეების განმავლობაში ისინი იტანჯებოდნენ ამ რწმენის გულისთვის, ისინი იტანჯებოდნენ მაგრამ მაინც შეინახეს ეს რწმენა. აღმოვაჩინე, რომ საქართველო არის მოსიყვარულე ქვეყანა. აქ შეგიძლია იქადაგო სახარება და არის თავისუფლება. აღმოვაჩნე რომ ვარ საკუთარ სახლში. მე დავკარგე ჩემი ქვეყანა და უფლის წინაშე ლოცვაში ვთქვი:  ღმერთო, ალბათ ეს არის ჩემი სახლი, რომელსაც შენ მაძლევ. როგორც კი დავიწყე საქართველოში სახარების ქადაგება, ღმერთმა დაიწყო ჩემი კურთხევა. რა თქმა უნდა, აქ ჩამოსვლის შემდგომ ირანში ბევრი რამ დავკარგე. ჩვენ როდესაც წმინდა წერილს ვნახულობთ, პავლე მოციქული ამბობს: უფრო მეტი ნეტარებაა გასცე, ვიდრე მიიღო; რაც უფრო მეტს გასცემ, მით მეტს მიიღებ. როგორც კი იწყებ სახარების ქადაგებას, ღმერთი შენს კურთხევას იწყებს. ეს არის ღმერთის უკანასკნელი ბრძანება, როდესაც ის ზეცად მაღლდებოდა, მის მოწაფეებს უთხრა: ,,წადით და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება“. როდესაც შენ არ გაქვს შიში და როდესაც ქადაგებ ღმერთი იწყებს შენს კურთხევას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის გასაღები იმისა, თუ როგორ დავიწყე საქართველოში მოღვაწეობა და ღმერთმა მე უზრუნველმყო ახალი ქართველი მეგობრობით და სხვადასხვა ურთიერთობებით რადგან ღმერთი თვითონ არის ურთიერთობის ღმერთი და ამ გზით მაკურთხა მან.

- სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით თქვენ თქვით, რომ ირანელ დიპლომატებს საქართველოში კერძოდ კი აეროპორტში ხვდებით და ურიგებთ სახარებას . მაინტერესებს რას ემსახურება თქვენი ეს მსახურება?

- უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მამოძრავებელი არის ის დავალება, რაც იესო ქრისტემ მისცა მის მოწაფეებს:  წადით და უქადაგეთ ნებისმიერ ქმნილებას. ჩემი მსახურება მოიცავს სხვადასხვა სფეროებს მაგ: სულიერი ლიტერატურის თარგმნა, სახარების გავრცელება  სახარების ქადაგება, სოციალურად გაჭირვებული ადმაინებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა ეს არის ერთგვარი გზა რომ ადამიანებმა დაინახონ ღმერთის სიყვარული მათ ცხოვრებაში. როდესაც მე ამ ყველაფერს ვაკეთებ, მე ვღებულობ სხვადასხვა მესიჯებს მუქარისას. ჩემი ქვეყნიდან მემუქრებიან, თუ გავაგრძელებ სახარების ქადაგებას. ჩვენ გვაქვს კონტაქტები და მოვახდენთ შენს ლიკვიდაციასო და ირანშიც ავიწროებენ ჩემს ახლობლებს, ნათესავებს. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ტურისტებს ხვდებიან აეროპორტში, ავრცელებენ სახარებას მიუხედავად იმისა,  რომ მათი ირანში მცხოვრები ნათესავები, რეპრესიების ქვეშ ყვებიან. თუ ჩვენს ეკლესიაში ვინმე ირანელი მოდის ირანის საელჩო მუშაობს აქტიურად რომ მოხდეს ამ პიროვნებების იდენტიფიკაცია და მოუწყონ რეპრესიები მათ ოჯახის წევრებს ირანში . ამიტომ ზოგი ქრისტიანი ირანელი თავს იკავებს ჩვენთან მოსვლისგან რადგან რეპრესირებული არ იქნეს და გვიწევს ერთი-ერთზე მათთან მუშაობა და სახარების გადაცემა.

- სომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში თუ გყავთ თანამოაზრეები, ქრისტიანი ირანელები, რომლებიც ასეთი შემართებით ქადაგებენ?

- რა თქმა უნდა,  მრავლად არიან იქაც ირანელი ქრისტიანები და ყოფილი მუსულმანები რომლებმაც მიიღეს ქრისტიანობა, ახლა კი ქადაგებენ ქრისტეს თუმცა კონკრეტიკაზე, სახელებზე და გვარებზე საუბარი ძალიან გამიჭირდება, ვერ ვისაუბრებ გარკვეული მიზეზების გამო...

- თქვენს მსახურებაზე საუბრისას ახსენეთ სასულიერო ლიტერატურის თარგმნა,გავრცელება და ფინანსური დახმარებაც. მაინტერესებს, რა ფინანსური რესურსით ხდება თუნდაც ლიტერატურის თარგმნა-გამოცემა, ადამიანებისთვის ფინანსური შეღავათის გაწევა. ეს თქვენი ჯიბის დანაზოგიდან ხდება თუ დაფინანსების რაიმე წყარო არსებობს?

- საერთოდ, ბიბლიური ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, დონაციას უნდა ახდენდეს ყველა ქრისტიანი, ამ საქმეში ყველა ქრისტიანი უნდა იყოს ჩართული . ყველა ქრისტიანი უნდა წირავდეს თავისი ხელფასის მეათედს. თუ რაში უნდა იყენებდეს ეკლესია ამ თანხებს, თქვენივე კითხვიდან ჩანს. სასულიერო ლიტერატურის თარგმნა, გავრცელება, გაჭირვებულთა დახმარება - ეს არის გზა, რითიც აკურთხებს ღმერთი ქრისტიან ადამიანებს. ყვლა პიროვნება, რომელიც ერთგულია ამ შესაწირავის საკითხში, მას ღმერთი აკურთხებს. ყველა ერი, რომელიც ერთგულია შესაწირავის საკითხში, იმ ერსაც აკურთხებს ღმერთი. თუ ღმერთის დიდების გულისათვის გასცემს ერი ფინანსებს, ერი იქნება კურთხეული.

- სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ: თბილისი დედაქალაქია, მაგრამ რას გეგმავთ რეგიონებთან დაკავშირებით? ხომ არ აპირებთ ეკლესიების გახსნას იქაც და ქადაგებას?

- გამოცხადების წიგნში იესო ქრისტე მიმართავს პირდაპირ ეკლესიას და ის ამბობს მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ, შენ უნდა გააღო კარი, რომ ის შემოვიდეს. ამას იესო ქრისტე არ ეუბნება მუსულმანებს. იესო ქრისტე ამას ეუბნება ეკლესიას. ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვართ ეკლესია, ჩვენ გვყავს ქრისტე. ჩვენ ეკლესიაში ვამბობთ, რომ გვიყვარს იესო, მაგრამ იესო ამბობს გარკვევით: თუ გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით. რა არის უფლის მცნება, სად შეგვიძლია მოვიძიოთ უფლის მცნება? ერთადერთი გზა, რომ მოვიძიოთ უფლის მცნება, არის ბიბლია. სხვაგან არ არსებობს მისი მცნების მოძიების ადგილი. კათოლიკე იქნება, მართლმადიდებელი თუ პროტესტანტი, მთავარია დავსხდეთ და წავიკთხოთ ბიბლია, სადაც ამოვიკითხავთ ქრისტეს მცნებებს და შემდეგ ამის მეშვეობით შევძლებთ, ვიყოლიოთ ქრისტე ჩვენს ეკლესიებში და შემდგომ გვექნება იმის უნარი რომ წავიდეთ მუსულმანურ ქვეყანაში და მოვაქციოთ ისინი, ისინი არიან ძალიან ძვირფასი ადამიანები. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთს უყვარს ყველა პიროვნება, მაგრამ მათ შანსი არ აქვთ, რომ სახარება მოისმინონ. ყველა ეკლესიის მოვალეობაა, რომ წავიდეს და უქადაგოს მათ სახარება. ბიბლია ამბობს გარკვევით, როგორ მოისმინონ, თუ მათთან არ არის მქადაგებელი წარგზავნილი. ეს მარტო ჩემი საქმე არ არის რასაც მე ვაკეთებ რომ ვქადაგებ. ეს ყველა ეკლესიის მოვალეობაა, რომ ისწავლოს ბიბლია და იქადაგოს ყველა ერში. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი საქართველოში არის ეროვნებით ქართველი, მაგრამ მუსულმანი. ისიც ვიცი, რომ არსებობს მუსულმანური ქვეყნიდან დაფინანსებები, რომ საქართველოში განვითარდეს მუსულმანური რწმენა. რატომ არ უნდა წავიდეთ ჩვენს ქვეყანაში საქართველოში და მივწვდეთ ასეთ ადამიანებს, რათა ვუქადაგოთ. საერთოდ ისლამური რწმენა არის ცარიელი რწმენა, სადაც შენ ხდები ფულის მიმღები და აშენებ მეჩეთებს, ხოლო ქრისტიანობა აღმატებულია.

-როგორც ვიცი, მოქალაქეობა მოგანიჭათ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა...

- მე მქონდა შანსი, წავსულიყავი ამერიკაში საცხოვრებლად, მაგრამ მე უფლის წინაშე ვლოცულობდი, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიმეღო. როგორც დევნილს თავისუფლად შემიძლია აშშ-ში წასვლა, მაგრამ გულში უდიდესი სიყვარული მაქვს საქართველოს მიმართ და როდესაც ერთხეხლ მივდიოდი ჩემი ავტომობილით, ასეთი კითხვა დამებადა: „ბაბექ, რას გააკეთებ შენ, რომ განმეორდეს 2008 წლის ომის მოვლენა - დარჩები თუ არა საქართველოში?“ და მე ვუპასუხე ჩემს თავს - „კი, დავრჩები!“. მე სულ სხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული. აეროპორტში მივდიოდი, სტუმარი ჩამომდიოდა, ვერ გავიგე, ასეთი კითხვა რატომ დამებადა, მაგრამ ვიცი, რომ მე მიყვარს ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ჩემი მეგობრები დამეხმარნენ რეკონემდაციის და საბუთების შეგროვებაში, ისეთი მეგობარი, როგორიც არის ბექა მინდიაშვილი და აქ მყოფი ადამიანები. ბექამ გამიკეთა რეკომენდაცია. მე მოქალაქობა ძალიან კარგ დროს მივიღე, ვადა გასდიოდა ჩემს ირანულ პასპორტს და უკან მიწევდა დაბრუნება, მაგრამ გადავრჩი, დროულად მივიღე პასპორტი და დიდ მადლობას ვუხდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს, გაგეცინებათ და, ჯორჯ ბუშსაც მივწერე, რომ დამხმარებოდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიწოდებოდე საქართველოს მოქალაქედ. მე შემიძლია , თამამად ვთქვა: ღმერთს უნდა, რომ აკურთხოს ჩვენი ქვეყანა საქართველო.  საერთოდ ქრისტეში ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, ბიბლია ამბობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არაბი ხარ თუ ქართველი და თქვენ წარმოიდგინეთ სახარება იმასაც ლაპარაკობს რომ სქესსაც აღარ აქვს მნიშვნელობა, იესომ გაგვათავისუფლა ჩვენ, ჩვენ ვართ დადგენილი დღევანდელ დღეს, რომ განვაცხადოთ მისი სახელი. დაე უფალმა დალოცოს და აკურთხოს ჩვენი საქართველო!

საუბარი მიჰყავდა ირაკლი ყიფიანს

P.S. ბატონმა ბაბექმა, სხვათა შორის, არ ახსნა, რატომ ჰქვია მის ვითომ-ქრისტიანულ “ეკლესიას“ „სიონისტური“. თუმცა მისი ახსნის გარეშეც გასაგებია კავშირი ამერიკელ „ქრისტიან სიონისტებთან“.