სამართალი
მახე მძღოლებს...

damuqebuli-minebiმას შემდეგ, რაც ავტომფლობელებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა მინების დამუქებასთან დაკავშირებით გააპროტესტეს, შს სამინისტრომ გაითვალისწინა მძღოლების ინტერესები. შსს ვებგვერდზე გუშინ საღამოს ახალი განცხადება გაჩნდა, სადაც ავტომობილების გამუქებასთან დაკავშირებით კანონში ახალი და საბოლოოო ცვლილებები შევიდა.

როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, იქიდან გამომდინარე, რომ   საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები დამუქებული აქვთ ქარხნული წესით, რისი შეცვლაც დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან, დადგენილი იქნა მინების დაბურვის ახალი სტანდარტები. კერძოდ,   ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, წინა გვერდითი მინებისა დასაშვებია 40 პროცენტით, ხოლო უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით.

აღნიშნული წესები ძალაში შედის 10 ნოემბრიდან და მათი დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

დღეს დილიდან საქინფორმში უამრავმა მოქალაქემ დარეკა. მათ აინტერესებთ, სად შეიძლება იმის დადგენა, თუ რამდენი პროცენტით არის დამუქებული მათი ავტომობილების მინები.

ამისათვის შს სამინისტროში დავრეკეთ, მაგრამ ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, მათთან დაკავშირება ვერ შევძელით, არც პრესსამსახურში და არც ცალკეულ დეპარტამენტებში ტელეფონს არ პასუხობდნენ. ამიტომ ქუჩაში გავედით და ერთერთი საპატრულო ეკიპაჟი გავაჩერეთ და სწორეთ მათ ვკითხეთ, თუ როგორ უნდა გაეგოთ მძღოლებს, რამდენი პროცენტით არის დაბურული მათი ავტომანქანების მინები. ამაზე პასუხი არც პატრულის თანამშრომლებს აღმოაჩნდათ. მათ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ თბილისის თითოეული რაიონის საპატრულო ეკიპაჟს თითო ხელსაწყო დაურიგდა, რომელიც ადგენს მინიების დაბურვიც პროცენტს. იგივე ხელსაწყოები ქვეყნის რეგიონებშიც დარიგდა, თითოეულ რეგიონს, თითო ხელსაწყო.

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ავტომფლობელებს სანამ არ დააჯარიმებენ, მანამდე ვერ გაიგებენ, რამდენი პროცენტით არის დამუქებული მათი ავტომობილების მინები.

რაც შეეხება შსს-ს მიერ კანონში შეტანილ ახალ ცვლილებას, რომ ავტომობილის წინა საქარე მინა საერთოდ არ უნდა იყოს დამუქებული, შსს-ს ის გამორჩა, რომ დღეს ნებისმიერი უცხოური თუ საბჭოთა მანქანის წინა საქარე მინა 10–15 პროცენტით მაინც არის დაბურული, დაუბურავია მხოლოდ საბჭოთა “ჟიგული”...

მიუხედავად კანონში შეტანილი ცვლილებისა, მძღოლები საკუთარ ავტომობილებს მაინც აძრობენ ფირებს, რადგან არ იციანი მისი დაბურვის პროცენტი, ამის გაგება კი შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. საქინფორმის კორესპონდენტი ელიავაზე გავიდა და გაარკვია, რომ ავტომანქანის ერთი მინიდან ფირის გამოძრობა 10 ლარი ჯდება. ელიავაზე თითქმის ყოველ მეორე მაღაზიას აწერია: „ვაცლი მინებს პლიონკას.“ როგორც ჩანს, აღნიშნული კანონი ბევრმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ეს ფულის შოვნის იოლი გზა გახდა.

შსს-ს ახალი კანონი და მასში გუშინ შეტანილი ცვილებები ისეთივე გაუგებარი და დაბურულია, როგორც ავტომანქანების მინები. ფაქტია, ხვალიდან დაბურულმინებიან ავტომანქანებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად იხსნება.