საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „შაჰ-დენიზის პროექტის განხორციელება ჩვენს სახელმწიფოებს ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას მოუტანს“

aliev-irakliსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 16 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენცია "ზაგულბაში" გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მყარი მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაში ინვესტირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

ბატონო პრეზიდენტო!
პატივცემულო სტუმრებო!
ბატონებო!

ჩემთვის საპატიოა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც გაცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაში ინვესტირების შესახებ. მადლობას მოვახსენებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას თბილი მიღებისა და ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის, რომლის მიზანიცაა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა  ჩვენთვის საერთო მისწრაფებებისაკენ ენერგოუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ნახშირწყალბადის მარაგის მოცულობის წყალობით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც პასუხობს ჩვენი რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს. ამავე დროს, საქართველოს ადგილმდებარეობა აქცევს ამ ქვეყანას სატრანსპორტო ცენტრად/კვანძად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს თურქეთთან, ევროპასა და კასპიის რეგიონს შორის უმოკლესი მარშრუტით.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ენერგეტიკის სფეროში ჩვენი გრძელვადიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა. შემდგომი ნაბიჯები გამიზნული იქნება ტრანსკასპიური მიმართულებით წინსვლის მიღწევასა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების გაღრმავებაზე.

უკანასკნელი მოვლენები და რეგიონში ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილება ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია აუცილებელი პირობების შექმნა ეფექტიანი თანამშრომლობისათვის, ასევე სატრანსპორტო მარშრუტების, წყაროებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციისათვის. სამხრეთის დერეფანში დაგეგმილი  ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო პროექტების წარმატების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა მომხმარებელი, სატრანზიტო და მწარმოებელი ქვეყნების ინტერესთა დაბალანსება. ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა შაჰ-დენიზის მეორე ეტაპი, რომლის ინვესტიციების ოდენობა 6 სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს, მართლაც მოუტანს ამ სახელმწიფოებს სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას, აგრეთვე ხელს შეუწყობს რეგიონალური ბაზრის განვითარებას და მოქნილობისა და ენერგოუსაფრთხოების დონის ამაღლებას.

ყველამ კარგად ვიცით, რამდენი გამოწვევა გველის მომავალში, განსაკუთრებით შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამიმდევრული და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ამოსავალი წერტილია.

ბატონებო!

ნება მომეცით, მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული მოვლენა, როცა ძალაში შედის სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის ინიციატივა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგეტიკის სფეროში საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ერთობლივი წინსვლისა და წარმატების უზუნველსაყოფად.

გმადლობთ ყურადღებისათვის!