პოლიტიკა
აშშ-მა ახმეტოვს და კლიუევს ულტიმატუმი წაუყენა: იანუკოვიჩის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობას მოითხოვენ

ultimatumiსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-მა და ევროპამ იანუკოვიჩთან ურთიერთობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და უკრაინელი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების შემოღების წინ გადაწყვიტეს, ერთხელაც გაიბრძოლონ -  მათ  რეგიონების პარტიის ლიდერებს იანუკოვიჩის წინააღმდეგ გალაშქრება და, ფაქტობრივად, პარტიული ბუნტის მოწყობა მოსთხოვეს. ამ თემაზე კიევში ჩატარებული მოლაპარაკების შესახებ დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულმა პირმა გვაცნობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ევრომაიდნის გაწმენდის შემთხვევაში აშშ-ს და ევროპის ლიდერები შეთანხმებული არიან, რომ დაუყოვნებლივ შემოიღებენ სანქციებს პრეზიდენტ იანუკოვიჩის გარემოცვის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგ. ეს სია თანდათანობით შეივსება და მასში ისინიც მოხვდებიან, ვინც მონაწილეობა არ მიიღო მშვიდობიანი სცენარის დაცვაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას არ მისცემს რეგიონების პარტიის ხელმძღვანელობას, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

ნულანდმა კონკრეტულად ჩამოთვალა ისინი, ვინც ოჯახებთან ერთდ პირველ რიგში მოხვდება ამ სიაში. ესენი არიან: რინატ ახმეტოვი, ვადიმ ნოვინსკი, ანდრეი და სერგეი კლიუევები. ისინი აკონტროლებენ რეგიონების პარტიის ფრაქციის უდიდეს ნაწილს პარლამენტში.

აშშ მოელის, რომ ეს ფრაქცია მხარს დაუჭერს ოპოზიციის ოთხივე მოთხოვნას. კერძოდ:

  1. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები;
  2. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები;
  3. ტიმოშენკოს გათავისუფლება და მისი სამოქალაქო უფლებების სრულად აღდგენა;

4.სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა შსს-ს იმ თანამშრომლებისა და „ბერკუტის“ წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში

ნულანდმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ამ პირობების შეუსრულებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ახმატოვის კომპანიების საქმიანობას ევროპაში.

ამგვარად, აშკარა ხდება, რომ მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა მოატყუა ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დაპირების მიუხედავად, ძალა მაინც გამოიყენა, აშშ-ს ის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საიმედო პარტნიორად აღარ მიაჩნია.

ნულანდმა აშკარად აგრძნობინა ახმატოვს, რომ წამყვანი ოლიგარქების უცხოური ანგარიშები და საქმიანობა, შესაძლოა, დაუყოვნებლივ შემოწმდეს ფინანსური ომბუდსმენების მიერ.