საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი.
„ტოვებთ რა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მსურს, მოგახსენოთ მადლობა თანამშრომლობისათვის ამ წლის განმავლობაში.
ძალიან ვაფასებ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. თქვენი პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველომ განაგრძო ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი და არსებით წარმატებებსაც მიაღწია ამ კუთხით. წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებაში მოკავშირეებმა დაადასტურეს დადებითი ძვრები ქვეყანაში თქვენი ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით აღნიშნეს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მმართველობა პოლიტიკური კოჰაბიტაციის რთულ პერიოდში.
ასევე ვაფასებ ჩვენს გულახდილ საუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. თქვენ ცხადყვეთ ერთგულება საქართველოს თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნისადმი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თქვენ ასევე ჩამოაყალიბეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მკაფიო ხედვა, რუსეთთან ურთიერთობის ჩათვლით.
დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით, განავრცობენ თქვენს მიღწევებს. ასეთი სახის ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიასა და წინსვლას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებისაკენ.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში.
პატივისცემით,
ანდერს ფოგ რასმუსენი
2013 წლის 28 ნოემბერი”