პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას სიღარიბის დაძლევისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში.
თანხების ათვისება მოხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის და თანამშრომლობის პროგრამის (EaPIC) მეშვეობით, რომელიც მოხმარდება საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების და დასაქმების კუთხით მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების (განათლების და მეცნიერების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) შესაძლებლობათა გაძლიერებას.
27 მილიონი ევროდან, 20 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარების სახით პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება მიმართული, ხოლო 7 მილიონი ევრო მოხმარდება ტექნიკური/საექსპერტო დახმარების პროექტების განხორციელებას.
ინფორმაციისთვის: აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 2012 წელს საქართველომ ევროკავშირისგან 22 მილიონი ევროს დახმარება მიიღო, რაც ხმარდება სისხლის სამართლისა და საზღვრის დაცვის და მიგრაციის სფეროებში მიმდინარე რეფორმებს.