აქტუალური
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიუსაფართა თავშესაფარი მოინახულა

1-akt-2-generalსაქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოწყობილი მიუსაფართა თავშესაფარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებს.

ამ დროისათვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიერ  7 კარავია გაშლილი, რომლებიც შეშის ღუმელებით, საწოლებით, პლედებითა და სხვა საჭირო ნივთებით არის აღჭურვილი, მიტანილია შეიარაღებული ძალების საველე სამზარეულოს აღჭურვილობაც.

„შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც  შესაბამის რეჟიმში მუშაობს. აქ არიან წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებიდან. ღონისძიებაში ჩვენ, სამხედროები, მხარდამჭერ კომპონენტს წარმოვადგენთ. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოვიტანეთ და გავშალეთ კარვები. უზრუნველვყავით გათბობა. ასევე მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოთ ცხელი კვებით მომსახურება. ამისთვის  მოტანილი გვაქვს საველე სამზარეულო და გვყავს მზარეულების ჯგუფი, რომლებიც ადგილზე დაამზადებენ საკვებს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.