რედაქტორისგან
ჭაბუა წავიდა. წრე შეიკრა

1-akt-3-glდღეიდან მას უბრალოდ “კლასიკოსს” უწოდებენ, “ცოცხალის” დამატების გარეშე... 2013 წლის 13 დეკემბრის იშვიათად ცივ ღამეს 91 წლის ასაკში ჩვენგან წავიდა ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი - მამაკაცის, ქართველის, მებრძოლის ეტალონი, დიდი მოქალაქე და XX-XXI საუკუნეების დიდი ქართველი მწერალი, და ტრაგიკული წრეც შეიკრა: ჯერ - დათა თუთაშხიას როლის შემსრულებელი ოთარ მეღვინეთუხუცესი, მერე - ფილმ “დათა თუთაშხიას” რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, ახლა კი - თავად რომან “დათა თუთაშხიას” ავტორი… ფილმისათვის მუსიკის შემქმნელი კომპოზიტორები - ჯანსუღ კახიძე და ბიძინა კვერნაძეც აღარ არიან ცოცხლები.

“ბატონო არნო, თუ შესაძლებელია, ათ წუთში ხელახლა დარეკეთ, ის გაცივდა და ახლა ვმკურნალობთ!” - მითხრა ორიოდე კვირის წინ ქალბატონმა თამარმა - ჭაბუას მეუღლემ, ერთგულმა მეგობარმა და ხმამ. ჭაბუას ოჯახში, სადაც ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი მეპყრობოდნენ. მაშინ აღარ გადავურეკე, შეწუხება არ მინდოდა, რასაც საკუთარ თავს არასოდეს ვაპატიებ.

“თუ აუცილებელი იქნება აზრობრივი შესწორება, თქვენ ამას განდობთ!” - დამიწერა ლეგენდარულმა ჭაბუამ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, ჩემს შეკითხვებზე პასუხების შემდეგ. განა არსებობს ამაზე მაღალი ჯილდო?!

სამი წლის წინ მზეჭაბუკმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-გან ბერად აღკვეცის კურთხევა მიიღო: იმ დღიდან ბერი დავითი, ის ღმერთთან შესახვედრად და მარადისობაში გადასასვლელად ემზადებოდა.

არა, ჭაბუა არ წასულა, ეს ჩვენ წავედით დღეს მისგან! 

P.S. მზიან საქართველოში უჩვეულოდ ცივა...

არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 13 დეკემბერი,
საქართველო, თბილისი

1-akt-3-vniz