პოლიტიკა
პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსს განიხილავენ

1-parlamenti-2-pol-2საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსს უმცირესობის გარეშე განიხილავენ. თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა, ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს. დეპუტატებს თვითმმართველობის კოდექსის პროექტის ზოგადი შინარსი უკვე გააცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა. დეპუტატებმა მთავრობასთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უნდა შეძლონ.

სხდომას საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება, რომელიც კანონმდებლებს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს. ხვალ კოდექსს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსის ავტორებს თვითმმართველობის ფუნქციებზე წარმოდგენა არა აქვთ.

"მარტივად რომ ვთქვათ, არის ბევრი შეკრებილი ადამიანი, რომელიც მილზე მსჯელობს, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ეს მილი უნდა ჩაიდოს. ბევრი მსჯელობა მიდის გახვრეტილ სახურავზე, მაგრამ არავინ იქნება, ვინც ამ სახურავს შეაკეთებს. ბევრი საუბარი იქნება ასფალტზე, მაგრამ კაციშვილი არ იქნება, ვინც ამ ასფალტს დააგებს. აი დაახლოებით ასეთი სისტემა აქვთ წარმოდგენილი“, - აღნიშნა უგულავამ დღეს ქუთაისში ყოფნისას.