აქტუალური
უკრაინის „ევრომაიდანის“ მხარდასაჭერად საქართველოში მსვლელობა გაიმართა

1-evromaidan-mtსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე კიევის „ევრომაიდანის“ მხარდასაჭერად ასობით ადამიანის მსვლელობა მოეწყო. დემონსტრანტები ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, სადაც საკრებულოს შენობა, მერიის ინიციატივით, უკრაინის დროშის ფერებით განათდა.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს კიევში დემონსტრანტების მისწრაფებას ევროპისაკენ.

დღეს თუ შეძლებს უკრაინა, მაშინ ხვალ შეძლებს საქართველო. ამიტო ყოველი ჩვენთაგანის ვალია დღეს დავდგეთ იქ, სადაც ჩვენ გველიან - ეს არის თავისუფალი სამყარო, ეს არის ევროპა!“ - განაცხადა მან.

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც.

დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ბედი, არამედ წყდება ბედი კიდევ ერთი გაფართოებისა და თავისუფალი სამყაროსი, რისი ნაწილიც, ჩვენ გვწამს და გვჯერა, არის საქართველოც. ჩვენ იქ თავისუფლებას ვიცავთ ამ მხარდაჭერით და სოლიდარობით. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია“, - განაცხადა ბოკერიამ.

მანიფესტანტები, რომლებსაც ხელში საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები და პლაკატები ეკავათ წარწერებით - „გვერდით დავუდგეთ უკრაინას“, „უკრაინა - ევროპა“, ორგანიზებულად სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს უკრაინას! გმირებს დიდება!“.

აღნიშნული აქციის ორგანიზატორები იყვნენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „თავისუფალი დებატების ლიგა“, „თავისუფალი ზონა“ და სხვ.

ამასთან, გუშინ საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, სადაც საუბარია იმაზე, რომ  საქართველო უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მისალმება მის სურვილს უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.

1-evromaidan-7