საზოგადოება
მიუსაფართა თავშესაფარში დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყო

1-obs-2-infrastruqturaსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვის პროსპექტზე განთავსებულ მიუსაფართა თავშესაფარში პირველი ბინადარი წუხელ ღამის ორ საათზე შევიდა. წუხელვე აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილზე კოტეჯები დადგა და იქ დილიდან მედპუნქტი და სამზარეულო განთავსდება. დამონტაჟდება აგრეთვე სველი წერტილებიც.

ამ დროისთვის მიუსაფართათვის 4 საცხოვრებელი კარავია გაშლილი, სადაც 80 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება.

თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, მთავრობის კანცელარია. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).

გარდა სამთავრობო უწყებებისა, მიუსაფართა დახმარების შესაძლებლობა მიეცემა ყველა იმ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მოქალაქეს, რომელსაც ამ ადამიანთა მხარდაჭერა სურს. მათ შეუძლიათ საკვებით, ტანსაცმლითა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარონ თავშესაფარში განთავსებულ მიუსაფარ ადამიანებს.