მიუსაფართა პირველი თავშესაფარი მოსკოვის პროსპექტზე მოეწყო
საქართველო, 12 დეკემბერი,
საქინფორმი. გუშინ საღამოს მოსკოვის პროსპექტის დასაწყისში მიუსაფართათვის პირველი თავშესაფარი მოეწყო. უკვე დადგმულია 4 საცხოვრებელი კარავი, სადაც 80 მიუსაფარის განთავსებაა შესაძლებელი. კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და მიეწოდება ელექტროენერგია. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება. თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).
გუშინ საღამოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა უკვე დაიწყეს მიუსაფარი ადამიანების თავშესაფარში მიყვანა და განთავსება.
გარდა სამთავრობო უწყებებისა, მიუსაფართა დახმარების შესაძლებლობა მიეცემა ყველა იმ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მოქალაქეს, რომელსაც ამ ადამიანთა მხარდაჭერა სურს. მათ შეუძლიათ საკვებით, ტანსაცმლითა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარონ თავშესაფარში განთავსებულ მიუსაფარ ადამიანებს.