საზოგადოება
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, მე-8 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამედიცინო დასკვნის ისტორიაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მას ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო დეპარტამენტის მოთხოვნით, ბრალდებულს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზაც აქვს ჩატარებული, თუმცა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პატიმრის შეურაცხადობა არ დაადასტურა. შესაბამისად, საპატიმროს არ ჰქონდა უფლება, მსჯავრდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაეყვანა, - ნათქვამია სუბარის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყებაში განმარტავენ, რომ დაწესებულების პირველადი ჯანდაცვის გუნდის რეკომენდაციით, პატიმარზე 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი ხორციელდებოდა, თუმცა მეთვალყურეებმა ღამის საათებში ფაქტზე დროული რეაგირება ვერ მოახდინეს, რის გამოც სუიციდის აღკვეთა ვერ მოხერხდა.დღესვე უწყება კიდევ ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. გეგუთის ციხეში 1966 წელს დაბადებული მსჯავრდებული გარდაიცვალა.
მსჯავრდებულს 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგად გულის იშემიური დაავადება დაუდგინდა. მან მკურნალობის კურსი გაიარა, რომლის დასრულების შემდეგ, 2013 წლის 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალ ვიზიტზე იმყოფებოდა. ექიმების ჩანაწერის თანახმად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.