შსს-ს პრესცენტრი: „შინაგან საქმეთა მინისტრმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულა“
საქართველო, 11 დეკემბერი,
საქინფორმი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით,
შს მინისტრმა
ალექსანდრე ჭიკაიძემ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები და ის სოფლები მოინახულა, სადაც ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მხრიდან მავთულხლართების ფიქსაციის პროცესმა სისტემატური ხასიათი მიიღო. მინისტრი
დიდი ხურვალეთის, დიცის, დვანის, ერგნეთის და
კარალეთის მოსახლეობას შეხვდა, არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათგან მავთულხლართების ფიქსაციით გამოწვეული სირთულეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ალექსანდრე ჭიკაიძემ ადგილობრივ მოსახლეობას აცნობა, რომ ყველა არსებულ პრობლემაზე სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. სამინისტროს თანამშრომლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. მინისტრის მითითებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის რეგიონში გაძლიერდა შსს-ს ქვედანაყოფების პატრულირების ინტენსიურობა. მავთულხლართების ფიქსაციის საკითხი და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სხვა პრობლემები აქტიურად განიხილება როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ყოველთვიურ შეხვედრებზე სოფელ
ერგნეთში, ასევე,
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.
შს მინისტრმა კარალეთში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზა მოინახულა და, ასევე, შეხვდა სამინისტროს ქვედანაყოფის თანამშრომლებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ ასრულებენ თავის მოვალეობას.