საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმი მკითხველს უცვლელად და უკომენტაროდ სთავაზობს 21 წლის თსუ-ს სტუდენტის ოთო კობახიძის ღია წერილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
ანალიზის და დასკვნების გაკეთება კი მკითხველისთვის მიგვინდვია.
ოთო კობახიძე: ღია წერილი პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ,
გამარჯობა, მე 21 წლის სტუდენტი გწერთ. ავტორიტეტები არ მყავს, არც დედამიწაზე ქრისტეს ნაცვალების მჯერა, არც უცდომელი – ადამიანების. მიჩვეული კი ბრძანდებით, თუმცა ფარისევლურ ხოტბასაც ვერ გაკადრებთ, ხმაზე მონადირე რაინდებივით და პოლიტიკოსებივით.
ვის უნდა უფრთხოდეს დღეს ქართული სახელმწიფო – ბრძენ პუტინს თუ ევროპელებს? მე სოციალური მეცნიერებების სტუდენტი ვარ, მაპატიეთ თქვენც და მრევლმაც, თუ იმის მჯერა, რომ 5 წლის წინ ევროპელ-ამერიკელთა შეშფოთებებმა უფრო გადაგვარჩინეს ბრძენი პუტინის დაპყრობისგან, ვიდრე – ლოცვებმა თუ დაუჯდომლებმა.
უკრაინაში მღვდლები პრო-ევროპელი თანამოქალაქეების გვერდი-გვერდ დგანან მანიფესტაციებზე. იმ ეკლესიის მღვდლები, ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები, დიაკვნები თუ ქორეპისკოპოსები კი, რომლის საჭეც აგერ მესამედი საუკუნეა გიპყრიათ, ევროპის ლანძღვა დისკრედიტაციის და მით დაშინების მეტს არაფერს აკეთებენ. ფსიქოლოგიურ ტერორში მრევლის ჩაგდება რამდენად ქრისტიანულია, უწმინდესო? ან ტყუილი და ცილისწიმება რამდენად თავსებადია ქრისტეს რწმენასთან? თქვენ ხშირად იმყოფებით ევროპაში, აგერ ახლახანს ქორეპისკოპოსიც ყოფილა სამკურნალოდ ‘უწმინდურ’ კონტინენტზე. ნუთუ მხოლოდ ცუდი შენიშნეთ აქ და მისაბაძი არ გინახავთ?
ქრისტემ ”გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო” – რამდენად უყვარდათ მოყვასი რუსთაველზე მაისში თანამოქალაქეთა ჩასახოცად გამოდევნებულ ვაი-ქრისტიანებს? ტაბურეტკით გამომდევნებელ მოძღვარს თუ მისცა შენიშვნა მაინც ვინმემ ეკლესიაში? ვგონებ, მასეთები წინაურდებიან კიდეც. მავთულხლართები რომ გაუვლეს გორელ გლეხებს ბაღებში, ”ბრძენი” პუტინის არმიელებმა, მაინცდამაინც ბევრი მღვდელი არ მინახავს საოკუპაციო ხაზთან. არადა გეცოდინებათ, 50 ჰომოსექსუალის დასარბევად 40000 კაცი შეჰყარა ეკლესიამ, უწმინდესო.
რატომ მომძლავრდა ეთნო-ნაციონალიზმი, სექსიზმი, განსხვავებული ადამიანების ზიზღი, მუსლიმ-ქართველთა-ფობია, ჰომოფობია, ანტისემიტიზმი, სეკულარიზმის ფეხქვეშ გათელვის ტენდენცია ეკლესიაში? ხომ არ უქადის 90 წლების გამეორებას ჩვენს ქვეყანას მღვდელთა და მრევლის მხრიდან მსგავსი ისტერიული გამოხდომები? თუ გიფიქრიათ, რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და თავადვე ეკლესიას ეკლესიის პოლიტიკაში გაუთავებელმა ჩარევებმა?
იქნებ ერთხელ მაინც გექადაგათ, განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, იმაზე, რომ თუ ვინმე ეკლესიას გააკრიტიკებდა ბოლო სიტყვებით არ ეგინებინათ ან მუშტები დაეშინათ – თქვენ ხომ ამდენი ადამიანი გისმენთ და გენდობათ.
კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი, თუმცა ვფიქრობ, ამითაც თავი შეგაწყინეთ. ძველებს უთქვამთ, ”ნათქვამი გაფრინდება , დაწერილი რჩებაო” – იმედია, ეს წერილიც ოდესმე მოაწევს თქვენთან, ყოველგვარი მცდარი ინტერპრეტაციების და აზრის გადაბრუნებების გარეშე.
ჯანის სიმრთელეს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ,
პატივისცემით,
ოთო კობახიძე,
თსუ-ს სტუდენტი