პუბლიკაციები
"ერთ მაგიდასთან ვისხედით ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები!"- საქინფორმის ჟურნალისტი ოლიმპიურ სოჭში იმყოფებოდა

1-an-pol-mtსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 21-25 ნოემბერს ქ. სოჭში პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი - სამხრეთის“ ორგანიზებით რეგიონული  ჟურნალისტიკის სკოლის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, აფხაზი, ოსი და უკრაინელი ჟურნალისტები.

სკოლის ფარგლებში ჟურნალისტებს ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ მასტერ-კლასი ისეთი პროფესიონალებისაგან, როგორებიც არიან ლევ როსოშიკი (რუსეთის ფედერაციის კულტურის დამსახურებული მოღვაწე და რუსეთის სპორტული ჟურნალისტების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი), ლა ტარანოვა („რია ნოვოსტის“ დსთ-ს ქვეყნების, ბალტიისა და საქართველოს რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე ), გრიგორი ტარასევიჩი (ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ კულტურის განყოფილების რედაქტორი), კირილ პრივალოვი (ჟურნალ „იტოგის“ წამყვანი მიმომხილველი), ლუდმილა ადილოვა (რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი) და ოლგა პესკოვა (პიარ-კომპანია „კროსის“ ვიცე-პრეზიდენტი). ჟურნალისტებმა პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს რუსეთის დუმის დეპუტატთან,  სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან ფიგურულ სრიალში ირინა როდნინასთან. ჩემპიონთან საუბარმა საათზე მეტ ხანს გასტანა და თემატიკა სპორტსა და პოლიტიკას მოიცავდა.

ღონისძიების პროგრამა სალექციო კურსის გარდა სოჭის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ოლიმპიური ობიექტების მონახულებასა და სხვადასხვა ტიპის ექსკურსიას მოიცავდა.

რა თქმა უნდა, აღნიშნული ღონისძიების ქ. სოჭში ჩატარება ორგანიზატორებს შემთხვევით არ გადაუწყვეტიათ - სოჭის 2014 წლის ოლიმპიადამდე სულ რაღაც 2 თვით ადრე ჟურნალისტებისთვის ქალაქმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ქალაქი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს, ჩემდა გასაოცრად, ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ირგვლივ 24-საათიან რეჟიმში სხვადასხვა ობიექტის მშენებლობის დასრულების პროცესი მიმდინარეობდა.

ქალაქის დათვალიერება პირველსავე დღეს დავიწყეთ და მაშინვე მივხვდით, რომ აქ უამრავი ეროვნების ადამიანია, რაც შემდგომ, შეხვედრაზე, სოჭის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და უმცირესობების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს - სოჭში არც მეტი, არც ნაკლები, 135 ეროვნების წარმომადგენელი შეხმატკბილებულად ცხოვრობს.

სოჭის ადმინისტრაციის ხელმღვანელთან ანატოლი ნიკოლაის ძე პახომოვთან საუბრის შემდეგ, შეიძლება ითქვას, შეკითხვები აღარ დაგვრჩენია - მან ამომწურავად ისაუბრა ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, სოციალურ ფონზე, ეკონომიკაზე და ა.შ. ბატონმა პახომოვმა ჟურნალისტებს ოლიმპიადის სამზადისზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვაწოდა. გარდა ამისა, ადმინისტრაციამ გადმოგვცა იმ პროექტების ნუსხა, რომლებიც საგანგებოდ ოლიმპიადისთვის განხორციელდა  - მთავრობამ აღნიშნულ პროექტებზე 178 მილიარდამდე დახარჯა (აღნიშნულ თანხაში არ იგულისხმება კერძო ბიზნესის მიერ განხორციელებული ინვესტიციები). რომ არა წინა დღეს ოლიმპიური ობიექტების დასათვალიერებლად გამართული ექსკურსია, ძნელი იქნებოდა ამდენი ჟურნალისტის დარწმუნება, რომ აღნიშნული თანხა მიზანმიმართულად დაიხარჯა.

ექსკურსია ოლიმპიური ობიექტების დასათვალიერებლად „კრასნაია პოლიანაზე“ გაიმართა. „როზა ხუტორი“ იყო პირველი ობიექტი, რომელიც დავათვალიერეთ. ის უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული უამრავი კომპლექსისგან შედგება. შეიძლება ითქვას, „კრასნაია პოლიანაზე“ მთელი ქალაქია გაშენებული, საუკეთესო ინფრასტრუქტურით და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამთო-სათხილამურო ტრასებითა და საბაგირო გზებით. ორგანიზატორებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ შესაძლოა, თებერვლის დასაწყისში ბუნებრივი თოვლი არ მოვიდეს, ამიტომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ხელოვნური თოვლის უდიდესი მარაგი უკვე მზად არის და შესაბამის ადგილას ინახება.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გზა, რომელიც სოჭიდან „კრასნაია პოლიანაზე“ მიდიოდა, პირდაპირ კლდის ძირში მდებარეობდა და ძალიან საშიში იყო ადამიანის  სიცოცხლისთვის, ამის გამო, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშენდა სრულიად ახალი მაგისტრალი - როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო, რომელიც ოლიმპიადაზე ჩამოსულ სტუმრებს ძალიან სწრაფად და კომფორტულად მიიყვანს მთაში განლაგებულ ობიექტებზე.

გარდა ამისა, მოგვეცა საშუალება დაგვეთვალიერებინა ბარში, ქ. სოჭში, ადლერის რაიონში მდებარე ოლიმპიური სოფელი, რომელიც მასშტაბური პროექტია და რამდენიმე სტადიონის, სხვადასხვა დანიშნულების ცენტრის და სასტუმროების კომპლექსებისგან შედგება. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, იმ ადგილს, სადაც ოლიმპიური სოფელია აშენებული „იმერეტინსკაია ნიზმენნოსტ“ ეწოდება. ქართველი ჟურნალისტების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, გაგვეგო, თუ რატომ აქვს ამ ადგილს ასეთი დასახელება, ვერც გიდმა და ვერც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ვერ გვიპასუხეს.

ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებიდან საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა ჰოკეის დიდი მოედანი და მედიაცენტრი, სადაც ოლიმპიადის მსვლელობის დროს ერთდროულად 15 000 ჟურნალისტი იმუშავებს.

როგორც ოლიმპიადის ობიექტების მშენებელი ორგანიზაციის „ოლიმპსტროის“ თანამშრომლებმა გვაცნობეს, ყველა შენობა, რომელიც ტერიტორიაზეა, ნანოტექნოლოგიების გამოყენებით არის აშენებული და უმაღლესი ხარისხის ტექნიკით აღჭურვილი.

ოლიმპიადის ჩატარების საერთო მოთხოვნების გათვალისწინებით, ქ. სოჭში, პირდაპირ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულია საერთაშორისო ოლიმპიური უნივერსიტეტი, რომელიც 4 ერთნაირი ნაგებობისგან შედგება. ინსტიტუტი, ისევე, როგორც სხვა შენობები, სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. იქ დღეისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 28 მოსწავლე იღებს განათლებას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ობიექტების მშენებლებმა გაითვალისწინეს, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ობიექტებს უფუნქციოდ დარჩენა ემუქრებათ და უკვე დაიწყეს ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა. შესაბამისად, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ობიექტების დიდი ნაწილი დანიშნულებას შეიცვლის. კომპანიებს უკვე მზად აქვთ ნაგებობების გადაკეთების გეგმა და ისინი სრულიად სხვა ფუნქციებს შეიძენენ (მაგალითად, მედიაცენტრში განთავსდება უდიდესი გასართობი ცენტრი და ა.შ.). აღნიშნული შენობებიდან ზოგი კერძო ბიზნესის საკუთრება გახდება, ზოგიც - სახელმწიფოსი.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ჟურნალისტებს არ ასვენებდათ შეკითხვა - მოასწრებენ თუ არა ყველა ობიექტის დასრულებას ღონისძიების დაწყებამდე? - აღნიშნულ შეკითხვაზე მშენებლებიც და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციაც დადებითად პასუხობდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.

4-დღიანი სალექციო კურსების, საინტერესო შეხვედრებისა და არაჩვეულებრივი ექსკურსიების შემდეგ რეგიონული ჟურნალისტიკის სკოლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი -სამხრეთის“ ხელმძღვანელობამ არაჩვეულებრივი საჩუქარი მოგვიმზადა - გამოიცა მონაწილეების პუბლიკაციების სპეციალური კრებული, სადაც 1 წლის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის მიერ მომზადებული მასალები განთავსდა.

საქინფორმი პროექტის ორგანიზატორს, პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი - სამხრეთიაღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს იულია იაკუშევას ესაუბრა.

იულია იაკუშევა: ჟურნალისტიკის რეგიონული სკოლა სოჭში წარმოადგენს იმ პროექტის დასკვნით ეტაპს, რომელსაც პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი - სამხრეთი“ ახორციელებდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე წლის მანძილზე. პროექტში უამრავმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ დიდი ინტერესი იყო პროექტის მიმართ სწორედ საქართველოში. ჩვენ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის დავპატიჟეთ წამყვანი ჟურნალისტები, პიარის სპეციალისტები, პოლიტოლოგები და სხვადასხვა საინტერესო პროფესიის ადამიანები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ ახალგაზრდა ჟურნალისტებს. სოჭში დავპატიჟეთ ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები.

-         აპირებთ თუ არა პროექტი გაგრძელებას?

-         ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნულმა პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ძალიან მოგვწონს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ვთვლით, რომ აღნიშნული პროექტი წარმატებული იყო - ის ეფექტიანიც გამოდგა იმ კუთხით, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჟურნალისტები საქმიან და თავისუფალ გარემოში ურთიერთობდნენ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით, რომ აღნიშნული პროექტი გაგრძელდეს, მასში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჟურნალისტი ჩავრთოთ და კიდევ უფრო სასარგებლო გავხადოთ ყველასთვის.

ჯამილია ალეკარპოვა (გაზეთ „ეხო“-ს ჟურნალისტი, აზერბაიჯანი): პროექტი ძალიან მომეწონა, რადგანაც იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ჟურნალისტებისთის ცოდნის გაღრმავებას. რეგიონული ჟურნალისტიკის სკოლა გვაძლევს საშუალებას, დამატებითი განათლება მივიღოთ გამოცდილი და ცნობილი ჟურნალისტებისგან. ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა მეც და ჩემს კოლეგებსაც ბევრ საკითხზე ყურადღების გამახვილებისაკენ გვიბიძგებს, მაგალითად, პიარზე, რომელსაც პირადად მე ნაკლებად ვუთმობდი დროს ჩემს საქმიანობაში და ა.შ.

-         თქვენ ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერეთ, როგორ მოგეწონათ ისინი და როგორ ფიქრბთ, მზად არის თუ არა სოჭი ოლიმპიადისთის?

-         იცით, განსაკუთრებით მომეწონა ის, თუ როგორ მიუდგა სოჭი აღნიშნულ საკითხს. ქალაქის მერი პირადად მოვიდა ჩვენთან, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ოლიმპიადასთან დაკავშირებით და მედიის წარმომადგენლებს რეალური სურათი დაგვიხატა. არავის დაუმალავს, რომ ჯერჯერობით მშენებლობები დასრულებული არ არის, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მოესწრება ამ კოლოსალური სამუშაოების შესრულება ღონისძიების დაწყებამდე. ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ სოჭი ცდილობს, მანქანების საცობებს ებრძოლოს -  უამრავი გზაგამტარია აშენებული მთელ ქალაქში, რომ სტუმრებმა კომფორტულად იმოძრაონ. კარგია, როცა ოლიმპიადის ფარგლებში სხვა პრობლემების გადაჭრაც მოხერხდა, ისეთების, როგორიც არის საავადმყოფოების, სკოლების და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა და სხვა.

P.S. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რეგიონული ჟურნალისტიკის სკოლის პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადავუხადო პოლიტოლოგიურ ცენტრ „ჩრდილოეთი - სამხრეთს“, რომელმაც ქართველ ჟურნალისტებს მოგვცა საშუალება, ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში გაგვეცნო ჩვენი კოლეგები მეზობელი ქვეყნებიდან თუ რეგიონებიდან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ჩვენს სახელმწიფოებსა და რეგიონებს შორის არსებული უთანხმოებისა, ღონისძიებაში ერთ მაგიდასთან ვისხედით ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები - თავისუფალმა გარემომ მოგვცა საშუალება, პირისპირ გვეთქვა ის, რასაც წლებია, მედიის სხვადასხვა საშუალებით ვეუბნებით ერთმანეთს.

1-an-pol-1 1-an-pol-2
1-an-pol-3 1-an-pol-4
1-an-pol-5 1-an-pol-6
1-an-pol-7 1-an-pol-8
1-an-pol-9 1-an-pol-10
1-an-pol-11 1-an-pol-12