უცხოეთი
რევოლუცია უკრაინის ეკონომიკას ანადგურებს. კიევში მაღაზიებს არბევენ…

1-revolucia-ucx-mtსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინაში ვითარება სულ უფრო მწვავდება: ოთხშაბათს ქვეყნის ხანგრძლივვადიანი ევროობლიგაციები დაეცა, რეზერვების მოცულობამ კრიტიკულ მინიმუმს მიაღწია. პანიკაში მყოფი მოსახლეობა ვალუტას იძენს და ბანკებიდან ფული გააქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროკავშირი უკრაინას არ დაეხმარებიან, აი რუსეთს კი მოუწევს, რადგან რუსები, როგორც კვიპროსის შემთხვევაში, ფულის დაკარგვას რისკავენ. ევროინტეგრაციის ათასობით მომხრე კიევის მაიდანზე რჩება და ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.

ჯერჯერობით მინისტრთა კაბინეტი გადაყენებას გადაურჩა. სამშაბათს უნდობლობის ვოტუმს მხარი მხოლოდ უმაღლესი რადას 186 დეპუტატმა დაუჭირა აუცილებელი 226 ხმის პირობებში. პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და ჩინეთში მოლაპარაკებებზე გაემგზავრა.

გაურკვევლობა არავის მოსწონს - არც ინვესტორებს, არც თავად უკრაინელებს. უკრაინის ხანგრძლივვადიანი ევროობლიგაციები ოთხშაბათს ორთვიან მინიმუმამდე დაეცა, საკრედიტო სადეფოლტო გაცვლები 2010 წლის იანვრიდან ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა. უკრაინის სახელმწიფო ვალის 5-წლიანი დაზღვევის საფასური დღეს წლიურ 1.1. მლნ ევროდ არის შეფასებული. სავალუტო რეზერვების დონემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაწესებულ კრიტიკულ ზღვრამდე დაიწია.

ეკონომიკას სასწრაფოდ შველა სჭირდება, მაგრამ არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არც ევროკავშირი მას არ დაეხმარებიან, ყოველ შემთხვევაში 2015 წლის არჩევნებამდე. იანუკოვიჩის რეიტინგის დაწევა კი ამცირებს მის შანსებს, ხელახლა იყაროს კენჭი არჩევნებში, რაც, შესაბამისად, ამცირებს რუსეთისგან დახმარების მიღების შანსსაც. რუსები უკრაინას ფულს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მისცემენ: თუკი გადაწყვეტენ, რომ რუსეთის აქტივები უკრაინის საბანკო სისტემაში (საერთო მოცულობის 12%) გადარჩენას იმსახურებს. კაპიტალის გაზიდვა უკვე დაიწყო, დარწმუნებულია „როიტერი“, და რუსეთის აქტივები ამისგან სხვებზე ძლიერ დაზარალდება.

აი, როგორ აღწერს არსებულ ვითარებას გაი ჰეიზელანი: უკრაინის ეკონომიკა რეცესიას განიცდის. ქვეყანას 20 მლრდ დოლარის სავალუტო რეზერვი აქვს, რომელიც 2.5 თვეს იმპორტის საფასურის ასანაზღაურებლად ეყოფა.

უკრაინას აქვს საგარეო ვალი - 100 მლრდ დოლარი, რომელიც 2014 წელს უნდა დაფაროს.

უკრაინელებმა ანგარიშებიდან ფულის მოხსნა და უცხოური ვალუტის შეძენა დაიწყეს, დასძენს დევიდ კეოჰეინი „ფაინენშელ თაიმსში“. ეს კი ქვეყნის მწირ სავალუტო რეზერვებზე ზეწოლას გააძლიერებს.

Morgan Stanley-ს მოსკოვის ჯგუფმა დათვალა, რამდენი ფული სჭირდება უკრაინას, რომ ეკონომიკა გადარჩეს: უკრაინის საგარეო დაფინანსების შეფასება 27.6 მლრდ დოლარს შეადგენს 15-თვიანი პერიოდის გამავლობაში - 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მარტამდე. აქედან 18 მლრდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალის გასტუმრებას სჭირდება.

მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, საპროტესტო აქციები არცთუ სახარბიელო დროს დაემთხვა. უკრაინის ნაციონალური ბანკი იძულებულია მნიშვნელოვანი სავალუტო ინტერვენციები განახორციელოს, რამაც რეზერვები დღევანდელ დონემდე ჩამოიყვანა, ხოლო მთავრობას ვალების გადახდის უნარი არ შესწევს.

ექსპერტები სულაც არ არიან დარწმუნებული, რომ რუსეთი უკრაინას დეხმარება ევროინტეგრაციაზე უარის თქმის სანაცვლოდ - პუტინს გარანტიები სჭირდება, ხოლო იანუკოვიჩს, რომელმაც უკრაინელების ნდობა დაკარგა, მათი მიცემა არ შეუძლია.

ამ დროს კი კრეშჩატიკზე ევრომაიდანის მონაწილეები მაღაზიებს ძარცვავენ.  კარი შეამტვრიეს, დაცვას სცემეს, ახლა კი საქონელი გააქვთ...

1-revolucia--ucx-qve