სამართალი
„ამიტომაც ასეთ შემთხვევებში საერთოდაც სხვა მხარეც არის გასათვალისწინებელი“ - საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

1-pravo-3-religiaსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
„ა.წ. 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ებრაულ დღესასწაულ “ხანუკასთან” დაკავშირებით მოხდა მენორას დადგმა და მერიაზე გაკეთებული პლაკატით ხალხისათვის ამ დღესასწაულის მილოცვა, რაც მრევლისა და სასულერო პირების ნაწილმა გააპროტესტა, ორმა ახალგაზრდამ კი ბანერი ჩამოხია, რის გამოც ისინი დააკავეს.

საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას და მას დაუშვებლად მიიჩნევს. მითუმეტეს, მოქმედი კანონმდებლობით რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა რელიგიურ გაერთიანებებშიც არიან ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში მკვეთრად რეაგირებენ. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში საერთოდაც სხვა მხარეც არის გასათვალისწინებელი, კერძოდ რელიგიათშორისი და ხალხთაშორისი ურთიერთობები, რაც უდიდესი ფასეულობაა.

ფაქტია, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ კეთილგანწყობილ ურთიერთობაში სწორედაც, რომ ეკლესიას აქვს შეტანილი დიდი წვლილი, რადგან საუკუნეების მანძილზე იგი აყალიბებდა საზოგადოებრივ აზროვნებას.

ვფიქრობთ, არც ჩვენ და არც ქართველ ებრაელთა თემს არავისგან გვესწავლება, როგორ შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ეს დამოკიდებულება“.