აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს

1-aktual-premieruსაქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. არასაპარლამენტო პარტიების მიმართვა:
ბატონო ირაკლი,
ბატონო დავით,
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტმა განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო განხილული ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გარდა ამისა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ განხორციელებულა ძირეული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელსაც ერთობლივად ვაფასებდით როგორც ანტიდემოკრატიულს უახლოეს წარსულში.

სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ვერც ამ თემაზე შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობამ, რომელი ფორმატიც, როგორც დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო, იმთავითვე მიუღებელი იყო არასაპარლამენტო პარტიებისთვის. თუმცა, დღეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების განხილვა ამ ფორმატშიც აღარ მიმდინარეობს.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, კერძოდ თვითმმართველობის კოდექსთან და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არსებობს უამრავი გადაუჭრელი პრობლემა; მ.შ:

- საარჩევნო სისტემა;

- საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი;

- ამომრჩეველთა სია;

- საარჩევნო კამპანიის წარმოების წესები;

- საარჩევნო დავების განხილვის წესი.

გაცნობებთ, რომ არასაპარლამენტო პარტიებს შემუშავებული გვაქვს ერთიანი წინადადებები როგორც თვითმმართველობის, ისე საარჩევნო კოდექსის შესახებ. აუცილებლად მიგვაჩნია, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  საერთაშორისო მხარდაჭერით  შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რათა ხელი შევუწყოთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს,  ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსესუსის ჩამოყალიბებას.

ახალი მემარჯვენეები

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფალი საქართველო

ევროპელი დემოკრატები

ლეიბორისტული პარტია

ქალთა პარტია

ქართული დასი

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია