საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. კიევში მაიდანზე პროტესტის მხარდასაჭერად ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებს განუცხადა: “პრეზიდენტ იანუკოვიჩთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. და მზად ვარ მოლაპარაკებისას შუამავლი ვიყო”.
ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Nouvel Observateur იუწყება. “უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს - ქართული რევოლუციის სიმბოლოს - დიდი სიყვარულით ეპყრობიან, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - სწორედ ამან მისცა საშუალება, თავისი კანდიდატურა შუამავლად შეეთავაზებინა ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და პროევროპულად განწყობილ მომიტინგეებს შორის კონფლიქტის მოგვარებაში”.
ამასობაში უკრაინის ოპოზიციის ლიდერები გაერთიანდნენ და ქვეყნის პრეზიდენტს სამი პირობისაგან შემდგარი ულტიმატუმი წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში ისინი მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკება: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ სანქციები და მთავრობის გადადგომა. “ისინი არიან ახალგაზრდები, რომელთაც არაფერი ჩაუდენიათ!” - ასე დაახასიათა სააკაშვილმა ე.წ. ევრომაიდანზე დაკავებულები.საპროტესტო მოძრაობა კიევში ძალას იკრებს მას შემდეგ, რაც ოპოზიციის რიგებში ხმა დაირხა, რომ იანუკოვიჩმა პუტინთან შეხვედრაზე ხელი მოაწერა ხელშეკრულებას საბაჟო კავშირში უკრაინის შესვლის შესახებ. ორივე სახელმწიფოს მეთაურთა პრესსამსახურებმა მსგავსი ბრალდებები უარყვეს, თუმცა ოპოზიცია ამან ვერ დაარწმუნა. “თქვენ გინდათ, არჩევანი ევროპული კავშირის სასარგებლოდ გააკეთოთ და ტოტალიტარიზმსა და ბატონყმობას ბოლო მოუღოთ?! - იკითხა სააკაშვილმა მაიდნის სცენიდან, - ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული კავშირი, და არა პუტინის კლანი!”.
ამასთან, სააკაშვილი ირწმუნებოდა, რომ კიევში სულაც არ ჩასულა იმისათვის, რომ უკრაინის საშინაო საქმეებში ჩაერიოს. მისი თქმით, მას მხოლოდ უკრაინელ ახალგაზრდობასთან სოლიდარობის გამოხატვა სურს, და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს პოლიტიკური კრიზისი მოაგვაროს. “თუ ჩვენ გაყოფილები ვიქნებით, პუტინს შეუძლია ჩვენს ქვეყნებს ის გაუკეთოს, რასაც მოისურვებს. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ ევროპულ გზაზე, რათა მის კლანს დავუპირისპირდეთ!”, - მოჰყავს Le Nouvel Observateur-ს მიხეილ სააკაშვილის სიტყვები.