სამართალი
ცხინვალში დაბადებულ მოქალაქეს ID ბარათში დაბადების ადგილად რუსეთი ჩაუწერეს

1sam-1-elizaსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ცხინვალში დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ელიზა ტატიშვილს ID ბარათში რუსეთის მოქალაქე ჩაუწერეს, - ამ ინფორმაციას "ტაბულა TV" ავრცელებს.

ტატიშვილი 1958 წელს ცხინვალში დაიბადა, თუმცა ახალ ID ბარათში, რომელიც მან თბილისის იუსტიციის სახლში 2013 წლის 28 ოქტომბერს აიღო, დაბადების ადგილად რუსეთი უწერია. ელიზა ტატიშვილის დოკუმენტები "ტაბულამ" გადაიღო. 1958 წელს გაცემული დაბადების მოწმობის მიხედვით, ტატიშვილის დაბადების ადგილად ქალაქი სტალინირია მითითებული.

სწორედ ეს სახელი ერქვა ცხინვალს 1934-1961 წლებში. რამდენიმე წლის წინ აღებულ პირადობის მოწმობაში ელიზა ტატიშვილის დაბადების ადგილად ცხინვალია მითითებული.

ელიზა ტატიშვილის თქმით, მან ახალ ID ბარათში არსებული ხარვეზი გააპროტესტა, თუმცა, იუსტიციის სახლში მომუშავე ოპერატორმა განუცხადა, რომ ის ვერაფერს შეცვლიდა, რადგან კომპიუტერულ პროგრამაში ასე იყო მითითებული.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრესცენტრის ცნობით, შეცდომას უახლოეს მომავალში გამოასწორებენ.