საზოგადოება
გიორგი ბარამიძე კიევის მაიდნიდან: „დღეს რუსეთს სურს, უკრაინა წარსულში დააბრუნოს!“

1saz-3mt-maidanსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს დილიდან უკრაინის ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ისევ გეგმავს სამთავრობო შენობების პიკეტირებას. წუხანდელმა ღამემ კიევში შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აქცია მაიდანზე.

ოპოზიციამ გუშინვე ჩამოაყალიბა მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. ესაა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მთავრობის გადაყენება, შს მინისტრის დასჯა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გაგრძელება. თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციის მონაწილენი პარლამენტის ბლოკირებით იმუქრებიან.

გუშინ გვიან ღამით მაიდანზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც, რომლებმაც იქ მყოფებს ტრიბუნიდან მიმართეს.

„გამარჯობა, უკრაინა! ამჟამად ჩვენ არ წარმოვადგენთ მხოლოდ ჩვენს პარტიას ან ოპოზიციას. ამჟამად მთელი საქართველო გულშემატკივრობს უკრაინას, რადგან ვიცით თავისუფლების ფასი. აქ ხალხი არ შეკრებილა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად. აქ არ მიდის ბრძოლა პოლიტიკისთვის. გვახსოვს, როცა გვიჭირდა 2008 წელს - მაშინ საქართველო რუსეთის მხრიდან აგრესიის ობიექტი გახდა, რუსეთს სურდა შეეჩერებინა ჩვენი სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ, ამიტომ აღარაფერი დარჩა ომის დაწყების გარდა. დღეს მას ასევე სურს, უკრაინა წარსულში დააბრუნოს!“, - მიმართა შეკრებილებს გიორგი ბარამიძემ.

1saz-3-maidan-1
1saz-3-maidan-2