საზოგადოება
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი საკუთარ სამუშაო კაბინეტში მიიღო.
გიორგი მარგველაშვილმა თომას ჰამარბერგთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2014 წელი საქართველოსთვის რთული იქნება, ვინაიდან ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე ერთი წლის განმავლობაში.თომას ჰამარბერგი საქართველოში მისიას 2013 წლის დეკემბერში დაასრულებს. გიორგი მარგველაშვილმა მას საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელება 2014 წლის განმავლობაშიც სთხოვა.
როგორც ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილთან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა. საუბრისას განიხილეს 2013 წლის სექტემბერში ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობისთვის მიცემული რეკომენდაციები, რაც გახდება საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმის ნაწილი.
„პრეზიდენტი ძალიან დადებითად არის განწყობილი ამ საკითხების განვითარების მიმართ. ადამიანის უფლებების დაცვა იქნება ერთ-ერთი წამყვანი გამოწვევა ქვეყნისათვის. ასევე ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და იმ წარმატებებზე, რაც თქვენს ქვეყანას ჰქონდა ვილნიუსში. საქართველოს დაახლოება ევროპულ საზოგადოებასთან ხელს შეუწყობს საქართველო-ევროპას შორის მიმოსვლას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც აისახება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თომას ჰამარბერგმა.