პოლიტიკა
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს მიესალმება:
„მივესალმებით სუამის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს, რომელიც ადასტურებს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი ერთგულებას და მხარს უჭერს წევრი სახელმწიფოების ძალისხმევას, მშვიდობიანად დაარეგულირონ კონფლიქტები!ოკუპაცია, ახალი ბარიერების აღმართვა და სეპარატიზმის მხარდაჭერა სრულიად მიუღებელია 21-ე საუკუნეში. ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას ნებისმიერი სადავო და მტკივნეული საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისათვის. სახელმწიფოთა სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ამ მიმართებით მათზე ზეწოლა სრულიად დაუშვებელია.
კიდევ ერთხელ მივესალმებით სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მონაწილეებს და ვადასტურებთ მხარდაჭერას იმ ინიციატივებისადმი, რომლებიც მიმართულია თანამშრომლობის გაღმავებისა და მშვიდობის განმტკიცებისადმი“.