პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი - Russia Today: " ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები 1990-იანი წლების დასაწყისში. არ არსებობს, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყოს უმანკო და უმწიკვლო. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აფხაზები და ოსები იძულებული გახდებიან, ჩვენთან ერთად იცხოვრონ"

1pol-2-russiaსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ა.წ. 30 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო:.

"ახლა, როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა და რიტორიკა შეიცვალა, ასევე არის რეალური სურვილი ურთიერთობის დარეგულირების, გაუგებარია, რატომ აგრძელებნ ისინი ბორდერიზაციის პროცესს. ასე რომ, ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს", - აღნიშნა პრემიერმა.

სოფო შევარდნაძე, RT: “თქვენ ახლახან ახსენეთ მავთულხლართები. მაშინ რატომ ხართ ასე ოპტიმისტურად განწყობილი? ბოლო ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ არცერთ ფაქტს ადგილი არ ექნებოდა, რომ არა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით. მაგრამ რაკი უკვე მოხდა, იგი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი უკვე დასრულებულია და შეუქცევადია. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა"

ირაკლი ღარიბაშვილი: “პრეზიდენტმა პუტინმა განცხადება გააკეთა რუს და ქართველ ხალხს შორის ნდობის დანერგვის აუცილებლობასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ეს პროცესი უნდა იყოს სწრაფი. ეს ბორდერიზაციის პროცესი ხელს უშლის ნდობის ჩამოყალიბებას.  ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს მართლაც რომ გაუგებარია. ერთის მხრივ, ჩვენ გულწრფელად გვინდა, აღვადგინოთ ნდობა ჩვენ ერებს შორის. მეორე მხრივ, სწორედ ბორდერიზაციის პროცესი ქმნის დიდ დისკომფორტს, როგორიცაა ადამიანთა დროებითი დაპატიმრების შემთხვევების გააქტიურება; გამყოფი ხაზის მოპირდაპირედ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დაშლა.

ჩვენი მოსახლეობა ძალიან შეშფოთებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები, მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისში. არ არსებობს, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყოს უმანკო და უმწიკვლო. თუმცა, ჩვენ ეს გულთან მიგვაქვს. ჩვენთვის მტკივნეულია, რადგან ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები აღარ ცხოვრობენ ჩვენთან ერთად. რატომღაც მე მჯერა და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან აფხაზები და ოსები იძულებული გახდებიან, ჩვენთან ერთად იცხოვრონ. მე ნამდვილად მაქვს იმის იმედი, რომ ეს ოცნებაც ახდება".