საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა
საქართველო, 3 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა
ალექსანდრე ჭიკაიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის ელჩ
ელიტა გაველესთან. მინისტრმა ლატვიის ელჩს მიუსამძიმრა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს რიგაში სუპერმარკეტის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების გამო.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს გარემოება აუარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.
მხარეებმა, ასევე, ლატვიისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.