სანდრო ბრეგაძე: „უკრაინაში მიმდინარე პროცესებს მიხეილ სააკაშვილი და გივი თარგამაძე მართავენ!“
საქართველო, 3 დეკემბერი,
საქინფორმი. „ჩემთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოდან გაგზავნილი პირები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის" და „კმარას" აქტივისტები. უკრაინაში არეულობები ინსპირირებულია
მიხეილ სააკაშვილისა და
გივი თარგამაძის მიერ. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი ახლა სწორედ კიევში იმყოფება", - ეს განცხადება მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა
სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გააკეთა.
„უკრაინაში მიმდინარე პროცესები ძალზედ შემაშფოთებელია საქართველოსთვის, იმ კუთხით, რომ შესაძლებელია, ანალოგიური ტიპის პროცესები საქართველოშიც ვიხილოთ. ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც თავის დროზე მაშინდელ ხელისუფლებას გაგზავნილი ჰყავდა უკრაინაში არჩევნების დროს, ვითომდა იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად. 2000-მდე არა, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჩასული. ისინი ცდილობენ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესების მართვაში და შემსრულებლებადაც გვევლინებიან. ამას მართავს მიხეილ სააკაშვილი. არსებული ინფორმაციით, ის კიევში იმყოფება", - განაცხადა ბრეგაძემ, რომლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია რევანშს გეგმავენ, რაშიც უკრაინელი მეგობარი პოლიტიკოსები დაეხმარებიან.