საზოგადოება
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალ ცეზარ გრაბარჩიკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს, საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს. შეხვედრაზე განიხილეს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტი, ასევე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტის პერსპექტივა.მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლონეთი აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოსთან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე ერთი წლის განმავლობაში.
როგორც პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალმა განაცხადა, პოლონური მხარე მზად არის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ვილნიუსის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა. ჩვენ, როგორც პარლამენტი, მზად ვართ გავაღრმავოთ ურთიერთობა საქართველოსთან ყველა იმ მიმართულებით, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო“, - აღნიშნა ცეზარ გრაბარჩიკმა.