პოლიტიკა
საქართველოში კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის ჯარიმებს შემოიღებენ

1pol-1-Strafსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებით “თავისუფლების ქარტიაში” და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესწორებები შეაქვს.

შესწორებების თანახმად, ამგვარი სიმბოლიკის გამოყენება, აგრეთვე ძეგლების, ბარელიეფების დადგმა ან მათ დემონტაჟზე უარის თქმა, ანდა ქუჩებისთვის კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერების სახელების მინიჭება საქართველოში დაისჯება ჯარიმით 1 ათასი ლარის ოდენობით (დაახლოებით 600 დოლარი).

შესწორებების ინიციატორები გვთავაზობენ ცნება “ტოტალიტარული კომუნიზმის სიმბოლიკის” განმარტებას. კერძოდ, ეს არის სიმბოლიკა, რომელიც ასახავს “ტოტალიტარული კომუნიზმის რეჟიმს, რომელიც ხასიათდება ადამიანის უფლებების დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებით და განადგურებით, საკონცენტრაციო  ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილით და დეპორტაციით, წამებით და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა”.

ინფორმაციას საქართველოში კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის არსებობის შესახებ სპეციალური კომისია შეაგროვებს. ის მიადევნებს თვალს, რომ ამგვარი სიმბოლიკა არ იყოს “სახელმწიფო საკუთრებაზე, ადმინისტრაციული თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაზე, ასევე იმას, რომ საქართველოში არ იყოს საკულტო შენობები, ძეგლები, მონუმენტები, ბარელიეფები, აგრეთვე ქუჩები, მოედნები, სოფლები და დაბები, რომლებიც შეიცავენ კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდის ელემენტებს ანდა ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს”.

მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სპეცკომისია “უფლებამოსილ პირს” მიმართავს იმისათვის, რომ კანონის დარღვევა აღმოფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებამოსილ პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.