პოლიტიკა
მარგველაშვილი: “ევროკავშირის და ნატოს წევრობა და, ამავე დროს, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის”

1polit-2-evropaსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო ისტორიულად ევროპის ნაწილია და ამ მიმართულებით სვლას გააგრძელებს, რათა უახლოეს მომავალში გახდეს ევროპული ოჯახის წევრი არა მარტო კულტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეარხ “ევრონიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაფართოებული და ძლიერი ევროპა უფრო უსაფრთხო მსოფლიოს, უსაფრთხო რეგიონს და რუსეთის უსაფრთხო მეზობლობას ნიშნავს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ “ევროკავშირის და ნატოს წევრობა და, ამავე დროს, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის”.

“საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას საკუთარი პოლიტიკა აქვს. ჩვენ ვცდილობთ თითოეულ ჩვენს მეზობელს, მათ შორის რუსეთს მივაწოდოთ გზავნილი, რომ ცივილიზებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური საქართველო საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, პირიქით, ეს უფრო უხიფათო საზღვრებს და უფრო სტაბილურ მეზობლობას ნიშნავს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.