სამართალი
თენგიზ ომანიძე: “წულუკიანი უნდა გადადგეს!”

1sam-1-culukianiსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფრმი. მრავალგზის დაპირების მიუხედავად, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნება.

ეს უკვე ოფიციალურად აღიარებაა იმ ფაქტის, რომ „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე და „ნაციონალურ მოძრაობს“ ყველა ჩადენილ დანაშაულს პატიობს. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ იუსტიციის მინისტრის არგუმენტი, თითქოსდა ამგვარი კომისიის არსებობა ფინანსურად დააზარალებს სახელმწიფოს, მტკნარი სიცრუეა, რადგან, ძირითად შემთხვევებში, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს უკანონოდ წართმეული ქონების მოქალაქეთათვის უკან დაბრუნება და არა კომპენსაცია. ეს კი სახელმწიფოს ფინანსებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

უსინდისობაა ის გარემოებაც, რომ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით საქმე აღძრულია ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია „ქართუ ჯგუფის“ ან ივანიშვილთან ასოცირებული სხვა კომპანიების გაკოტრების მცდელობაში, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას დადასტურებულად ეთქვა უარი ამ პროცესზე.

ამდენად, ვინაიდან სამართლიანობის აღდგენის პროცესის წარმართვა იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენდა, მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, აიღოს მისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხალხისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობაზე და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

თენგიზ ომანიძე,
პარტიის პოლიტიკური მდივანი