აქტუალური
დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

1aqt-2-brus-devisსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ბრიუს დევისს შეხვდა.

დავით ნარმანიამ ბრიუს დევისს გააცნო სამინისტროს სამომავლო სტრატეგია და პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება. აგრეთვე, ესაუბრა თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ. „აზიის განვითარების ბანკი უკვე ჩართულია აქაურ პროექტებში წყალმომარაგების, ტრანსპორტისა თუ სხვა მიმართულებებით, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიუს დევისმა, - სასიამოვნოა, რომ ჩვენ ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. ჩვენ სურვილი გვაქვს, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მხარდაჭერა სთხოვა ინსტიტუციური განვითარებისა და თანამედროვე ლაბორატორიის შექმნის კუთხით, რომელიც დაეხმარება სამინისტროს როგორც  ახალი კადრების აღზრდაში, ისე მასალების ანალიზში.

„აზიის განვითარების ბანკთან, როგორც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ, - განაცხადა დავით ნარმანიამ, - ვიცე-პრეზიდენტს აინტერესებდა ძირითადი მიდგომები, რომლებითაც ჩვენი სამინისტრო საქმიანობს. მან საკუთარი მოსაზრებებიც გაგვიზირა. სხვა საკითხებთან ერთად მე ბატონ ბრიუსს მხარდაჭერა ვთხოვე თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილების დაჩქარებაში, რაზეც აზიის განვითარების ბანკის მხრიდან შესაბამისი მზაობა არსებობს“.