საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან

sazogad-2-EIBსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა. პრეზიდენტის გარდა, შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ხელი მოეწერა 30-მილიონიან პროექტს, რომელიც გულისხმობს გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას.

როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს უახლოეს მომავალში საინვესტიციო ბანკის დელეგაცია ესტუმრება. „პირველად შევხვდით საქართველოს ახალ პრეზიდენტს. ძალიან კარგი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. გვჯერა, რომ მომავალ წლებში საქართველოში  ბევრი რამ განვითარდება. გვაქვს რამდენიმე პროექტი საქართველოში განსახორციელებელი, რასაც წლის ბოლოს ჩვენი დელეგაციის საქართველოში სტუმრობისას დეტალურად განვიხილავთ. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი დადებითად ვითარდება“, - განაცხადა ვერნერ ჰოიერმა.