რედაქტორისგან
“სამიტი ქართული ელიტისათვის: საქართველო ევროკავშირთან ასოცირებით მხოლოდ ვალდებულებებს იძენს უფლებების გარეშე!” - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა გაზეთ “Каспiй”-ს ვილნიუსის სამიტის შესახებ მოუთხრო

arno-samitდღეს აზერბაიჯანულმა გაზეთმა Каспiй გამოაქვეყნა საქინფორმის მთავარი რედაქტორის, პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილის ანალიტიკური წერილი "სამიტი ქართული ელიტისათვის: საქართველო ევროკავშირში ასოცირებით მხოლოდ ვალდებულებებს იძენს უფლებების გარეშე!", რომელშიც ავტორი ვილნიუსში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს აანალიზებს (წაიკითხეთ ქვემოთ).

***

საქართველოში ნებისმიერი გამვლელი გეტყვით, რომ 28-29 ნოემბერს ვილნიუსში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების სამიტი გაიმართა, მაგრამ წესიერად ვერავინ აგიხსნით, რა მოვლენაა ეს და რატომ არის საქართველოსთვის “ისტორიულად მნიშვნელოვანი”, როგორც უნისონში ამტკიცებს ქართული ისტებლიშმენტი - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. გიჟურმა პიარმა, რომელიც ქართულმა ტელეარხებმა გაუწიეს ვილნიუსის სამიტს და ე.წ. ექსპერტებმა მოსახლეობას შეუქმნეს მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ვილნიუსში საქართველოს უკვე იღებენ ევროკავშირსა და ნატოში, რის შემდეგაც მისი არნახული რენესანსი დაიწყება, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია. სინამდვილეში კი საქმე შემდეგშია: პირველი: პროგრამა "აღმოსავლეთ პარტნიორობა" - ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ინტეგრაციული კავშირების განვითარებას ყოფილი სსრკ-ის ექვს ქვეყანასთან - უკრაინასთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და ბელორუსიასთან. ანუ ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა თავისი აღმოსავლეთელი მეზობლების - ჩამოთვლილი ექვსი ქვეყნის მიმართ, რომელიც არ ითვალისწინებს მათ შემდგომ წევრობას ევროკავშირში. სწორედ ამგვარი ილუზიების გასაფანტავად ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტის საბოლოო ვარიანტიდან ამოღებული იქნა 49-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ევროკავშირში "ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს შესვლას, რომელიც პატივს სცემს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს". შეიცვალა აგრეთვე პროექტის ტექსტში გამოყენებული ფორმულირებები - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი მონაწილე უკვე სახელმწიფოებად კი არა, ქვეყნებად მოიხსენიება, რაც ირიბად მიუთითებს ევროკავშირში მათი შესვლის პერსპექტივის არარსებობაზე (ევროკავშირის ძირითადი ბირთვი დღეს წინააღმდეგი არ არის, თავისი 28 წევრიდან ბევრისაგან გათავისუფლდეს - ეკონომიკური აუტსაიდერებისგან, ე.წ. ახალი ევროპის დოტაციური ქვეყნებისგან).

მეორე: თავად პროექტის დასახელება - "აღმოსავლეთ პარტნიორობა" - მიუთითებს, რომ ექვსივე მონაწილე ქვეყანა, რომლებთანაც ევროკავშირი პარტნიორულ დიალოგს აყალიბებს, ევროპაში აღმოსავლეთის ქვეყნებად ითვლება და არა დასავლეთის. მაგრამ ჩვენ, ქართველებს, განსაკუთრებით  აწ განსვენებული პრემიერი ჟვანიას ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ 1999 წლის იანვარში, როდესაც მან თავისი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა “მე ვარ ქართველი და, მაშასადმე, ვარ ევროპელი!” საქართველო დასავლეთად მიგვაჩნია. ხოლო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელებით დასახლებულ დმანისში ნაპოვნი იქნა 2 მილიონი წლის წინანდელი 2 ჩონჩხი, რომლებსაც ქართული სახელები - ზეზვა და მზია შეარქვეს და პირველ ევროპელებად აღიარეს, ჩვენში საბოლოოდ დაიჯერეს, რომ საქართველო - ევროპის აკვანია…

მესამე: პროექტ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მთავარი მიზანია  „აუცილებელი პირობების შექმნა ევროპის კავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად აუცილებელი პირობების შექმნა, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობის გზით“. "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" მონაწილე პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების და ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტებია შემდეგი 4 სფერო:

ა) დემოკრატია, მართვის სისტემის სრულყოფა და სტაბილურობის უზრუნველყოფა;

ბ) ეკონომიკური ინტეგრაცია და კონვერგენცია ევროკავშირის სადარგო ეკონომიკურ პოლიტიკასთან, თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნის ჩათვლით;

გ) ენერგეტიკული უსაფრთხოება;

დ) ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერება.

აი ამაზე უფრო დაწვრილებით შეჩერება ღირს, იმიტომ რომ დაბალი პოლიტიკური კულტურა და ქართველების მარადიული რწმენა საკუთარ განსაკუთრებულობაში ხელს გვიშლის საკუთარ თავს ერთადერთი შეკითხვა დავუსვათ: თუ ეს ასეთი კარგია, ექვსი მონაწილე ქვეყნიდან სხვადასხვა დროს პროექტს ოთხი რატომ გამოეთიშა? ბელორუსიამ და სომხეთმა ევროპულ კავშირს ევრაზიული ამჯობინეს, ხოლო აზერბაიჯანმა და უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა შეაჩერეს, ანუ, პრაქტიკულად, იმავე გზას დაადგნენ.

და აქ ლაპარაკი მორალურ დამცირებაზეც კი  არ არის, თუმცა ამაზეცაა - სად არის ჩვენი კავკასიური სიამაყე?!  თუკი 2 მილიონი წლის წინ ქართველების - ზეზვასა და მზიასაგან მართლაც წარმოიშვნენ ევროპელები, დღეს, როგორც მეორეხარისხოვანმა ადამიანებმა, რატომ უნდა გავიაროთ ტესტები ევროსტანდარტებთან შესაბამისობაზე, რათა ევროპულ სახლში კი არა, მის უკანა ეზოში მაინც შეგვიშვან?!

მოდით, ემოციებს თავი დავანებოთ და ზემოთ დასახელებულ პუნქტებს გადავხედოთ, მაშ ასე:

ა) დემოკრატია, მართვის სისტემის სრულყოფა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. გეთაყვა, ჩვენ, კავკასიელებმა, რატომ უნდა ჩავაბაროთ ევროპელებს გამოცდა დემოკრატიასა და სტაბილურობაში?! განა სსრკ-ის დაშლის შემდეგ, როცა დასავლეთი კავკასიაში მოვიდა აზერბაიჯანის, კასპიის ნავთობის და გაზის საგანძურის გამო, მთელ რეგიონში ეროვნებათაშორისი კონფლიქტები არ გაჩაღდა - ყარაბაღი, ჩეჩნეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი?! განა აშშ-მ არ მოიყვანა საქართველოს პრეზიდენტად სააკაშვილი, რომელიც მათვე “დემოკრატიის შუქურად” გამოაცხადეს, მერე კი აღმოჩნდა, რომ საქართველოში - 300 ათასი მსჯავრდებულია, რომელთაგან ათეულობით ათასს ციხეებში ანალური ხვრელიდან ცოცხებით აწამებდნენ?! ახლა კი ჩვენ, თურმე, უნდა დავიფიცოთ, რომ ასე აღარ მოვიქცევით - აღარ ვიქნებით ისეთები, როგორც მთავარი ქართველი “ევროპელი” - დღემდე აშშ-ის რჩეული სააკაშვილი?!

ბ) ეკონომიკური ინტეგრაცია და კონვერგენცია ევროკავშირის სადარგო ეკონომიკურ პოლიტიკასთან, თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნის ჩათვლით. უკრაინამ გამოითვალა, რომ მისი ეკონომიკის გადაყვანა ევროპულ რელსებზე და ამავე დროს - რუსეთისგან დაშორება, რომელიც მისთვის უბრალოდ ერთ-ერთ უცხო ქვეყნად იქცევა, 2017 წლამდე მინიმუმ 160 მილიარდი დოლარი დაჯდება, რომლებიც მას არა აქვს. თავისი გათვლები გააკეთა ნავთობზე მდგომმა აზერბაიჯანმაც, რის შემდეგაც, უკრაინის მსგავსად, ევროეკონომიკასთან ინტეგრაციის მოსამზადებელი პროცესი შეაჩერა. მაგრამ მხოლოდ ისეთივე ღატაკი, როგორც ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკია, ხორვატია, საბერძნეთი (სულ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები!), მაგრამ ამაყი საქართველო ჯიუტად მიისწრაფვის ევროკავშირთან სრული პოლიტიკური და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, თუმცა საქართველოს არ აქვს არც აზერბაიჯანული ნავთობი, არც უკრაინული ხორბალი! მაგრამ ის ევროპული ბაზრის ქართული ღვინით, “ბორჯომით” და მანდარინებით დაპყრობას იმედოვნებს, რადგან მთელი დანარჩენი პროდუქცია “Made in Georgia” ევროსტანდარტამდე ვერაფრით ქაჩავს და, “ევროკავშირის დარგობრივ ეკონომიკურ პოლიტიკასთან კონვერგენციის” გამო დაკარგავს რა მისთვის ერთადერთ მისაწვდომ რუსეთის ბაზარს, ექსპორტისთვის მოუთხოვნადი დარჩება.

გ) ენერგეტიკული უსაფრთხოება. ეს - ლამის ყველაზე “მხიარული” პუნქტია! ესე იგი, საქართველო, რომელიც სასიცოცხლოდ არის ენერგეტიკულად დამოკიდებული აზერბაიჯანზე (ისევე, როგორც ევროპა, უკრაინა და ბელორუსია არიან ენერგეტიკულად დამოკიდებული საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის ფედერაციაზე), აზერბაიჯანისგან განსხვავებით და ელემენტარული ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ევროპაში უნდა წავიდეს, რათა თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოება “უზრუნველყოს”?!

დ) ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერება. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მხოლოდ მდიდარ ქართულ ელიტას აინტერესებს - მის პოლიტიკოსებს ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლებიდან, მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და უზარმაზარ უცხოურ გრანტებზე სტაბილურად მცხოვრები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. საქართველოს ღარიბ მოსახლეობას ევროპაში სეირნობისთვის არ სცხელა, მათი ამოცანაა - ხვალინდელი დღე გადააგორონ, მშიერი ბავშვები დააპურონ და მცირედი თანხა საკუთარი დაკრძალვისთვის გადადონ...

რაც შეეხება უკანონო მიგრაციას - დიახ, საქართველოში 80-პროცენტიანი უმუშევრობაა, მაგრამ არ არის უმუშევრობის შემწეობა, როგორც დასავლეთში, ამიტომ მისი შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი ფულის საშოვნელად უკანონო ემიგრაციაშია საზღვარგარეთ: ძირითადად - რუსეთში, დანარჩენები - უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკაში და ავსტრალიაში, სადაც ფულს გაჭირვებით შოულობენ. თუმცა საქართველოში უკანონოდ ემიგრირებული ევროპელები რაღაც არ მახსოვს, ამიტომ ეს ტესტიც, როგორც წინა სამი, ცალმხრივ-დისკრიმინაციული ხასიათისაა: საქართველო ევროკავშირთან ასოცირებით მხოლოდ ვალდებულებებს იძენს უფლებების გარეშე!

მეოთხე და ბოლო. როგორც ცნობილია, “აღმოსავლეთ პარტნიორობა” გულისხმობს სამიტებზე ევროკავშირსა და ექვს მონაწილე ქვეყანას შორის ასოცირების შესახებ  ორმხრივი შეთანხმებების დადებას, მაგრამ მხოლოდ ამ უკანასკნელთა მიერ გარკვეული მოთხოვნების პროგრამის შესრულების პირობით. ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება ნიშნავს მხოლოდ მხარეების თანხმობას შეთანხმების 1000-გვერდიან ტექსტზე, რომლის ხელმოწერა ერთი წლის შემდეგ შედგება (სავარაუდოდ, 2014 წლის სექტემბერში), თუ მანამდე საქართველო საჭირო “ევროკონდიციას” მიაღწევს, და რომელიც შემდგომ რატიფიცირებული უნდა იქნეს ევროკავშირის წევრი 28-ვე ქვეყნის პარლამენტების მიერ, რასაც შესაძლოა გაურკვევლად ხანგრძლივი დრო დასჭირდეს (მაგალითად, ნატოს წევრ ხორვატია ამას 12 წელი ელოდებოდა, ხოლო ნატოს წევრმა თურქეთმა ასოცირების შესახებ ჯერ კიდევ 1962 წელს მოილაპარაკა, მაგრამ უკვე 51 წელია ელოდება, ანუ - დღემდე).

თუმცა, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური პრობლემები საქართველოში იმდენად მკვეთრ, მტკივნეულ ხასიათს შეიძენს, რომ ყველაზე “ევროპულ” თავებსაც კი გამოაფხიზლებს. მაგრამ ეს უკვე - ცალკე საუბრის თემაა.

P.S. უსამართლობა იქნებოდა, არ აღგვენიშნა საქართველოს ერთადერთი რეალური მიღწევა ვილნიუსის სამიტზე - ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება “ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ”. ამიერიდან ქართველ ჯარისკაცებს “პრივილეგია” ექნებათ დაიღუპონ არა მარტო ნატოს სამხედრო ოპერაციებში “უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების” (ISAF) შემადგენლობაში, არამედ ევროკავშირის “კრიზისული სიტუაციების მართვის” სამხედრო ოპერაციებშიც...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 29 ნოემბერი
თბილისი