საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში დღეს გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ მედიას თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნო.
პროცედურები:
1. უპირველესად კოდექსი უნდა განიხილოს ინტერპარტიულმა ჯგუფმა, მოეწყოს ფართო დისკუსია და შემდეგ გაიმართოს საპარლამენტო განხილვა;2. წარმოდგენილი იქნეს ვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა: როდის მოხდება კანონის მიღება, როდის დაიყოფა საზღვრები და როდის ჩატარდება არჩევნები;
3. პარალელურად დაიწყოს საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ინტერპარტიულ ფორმატში.
არსებითი შენიშვნები:
4. ტერიტორიული მოწყობის პრინციპები უნდა იყოს ასახული კონსტიტუციაში, ხოლო საზღვრები უნდა დადგინდეს კანონით და არა მთავრობის დადგენილებით;
5. რეგიონულ დონეზე არ უნდა შეიქმნას არც არჩევითი, არც წარმომადგენლობითი და არც აღმასრულებელი ორგანოები;
6. მუნიციპალური საზღვრების შეცვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ადგილობრივი საკრებულოების ინიციატივით. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ზუგდიდის და გორის ცალკე თვითმმართველ ქალაქებად გამოყოფა;
7. პრინციპულად დაუშვებლად მიგვაჩნია ეთნიკური ნიშნით ახალი მუნიციპალიტეტების ფორმირება აღმოსავლეთ საქართველოში, რაც გარდაუვალია რაიონების დაყოფის შემთხვევაში;
8. მუნიციპალიტეტების ეტაპობრივი დაყოფის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ არსებითად არ გაიზარდოს სახელმწიფო ბიუროკრატიული ხარჯები და მოსახლეობას არ გაუძნელდეს ახალ ცენტრებთან კომუნიკაცია;
9. გაუგებარია, რატომ აირჩევა 3 წლით საკრებულოები და მერები;
10. შენარჩუნებული უნდა იქნეს ფრაქციების პოლიტიკური სტატუსი;
11. სოფლის მამასახლისი არჩეულ იქნეს მოსახლეობის მიერ პირდაპირი კენჭისყრის წესით;
12. თბილისის საუბნო საკრებულოები და სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობები ჩამოყალიბდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.