საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ასალანიამ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს ბინები გადასცეს

binebi-saz-3საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს ბინები გადასცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები 900-მდე სამხედრო პირს გადაეცა. მათ შორის, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდნენ ავღანეთში ISAF-ის მისიის შესრულების დროს, ერაყში OIF მისიის შესრულების დროს და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად და სხვა ვითარებაში დაინვალიდებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები.

„ჩვენ გვყავს ბევრი გმირი, რომელიც შეეწირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ბრძოლაშიც, ჩვენმა ძმებმა სიცოცხლე შესწირეს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. ქვეყნის იმიჯი იმით იზომება, როგორ ექცევა ხელისუფლება და ხალხი თავის ჯარისკაცს, ვეტერანს, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ. ამიტომ ჩვენი სამხედროების პირობები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა გაუთანაბრდეს და უნდა იყოს ღირსეული, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.