პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: „თუ ევროპამ საქართველო თავისი ფრთის ქვეშ არ აიყვანა, საქართველო პირისპირ დარჩება რუსეთთან“
1-zakareiSviliსაქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ ტრაფარეტების დადგმა და საქართველოს მოქალაქეთა დაკავება რუსეთის მხრიდან გამომწვევი ნაბიჯების გაგრძელებაა, - ამის შესახებ  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გამყოფ ხაზზე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. „აქამდე რუსი სამხედროები კონკრეტულ ტერიტორიებზე პატრულირებას ახორციელებდნენ, ამჟამად ისინი ამ ხაზს აფიქსირებენ მავთულხლართებით და ტრაფარეტებით. ამ ვითარებაში ჩვენ ან უნდა ვივაჭროთ, რომ ეს ხაზი არა აქ, არამედ, მაგალითად, რამდენიმე ასეული მეტრით უკან გადის, რაც ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელია, ან კვლავ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად განვაცხადოთ, რომ ეს არის ოკუპაციის რეალიზაცია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა, რომლის შეფასებითაც, რუსეთი საქართველოს მხრიდან აგრესიული ქმედებების პროვოცირებას ცდილობს, რათა ევროპას შეექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს არ შეუძლია ევროპისკენ ნაბიჯები გადადგას. 
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები გამოირიცხოს. თუმცა, თუ ევროპამ საქართველო თავისი ფრთის ქვეშ არ აიყვანა, საქართველო პირისპირ დარჩება რუსეთთან, რაც გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის", - განმარტა ზაქარეიშვილმა, რომელმაც რუსეთის მხრიდან საქართველოზე გარკვეული ზემოქმედების მცდელობის გაგრძელება არ გამორიცხა.