აქტუალური
მაია ფანჯიკიძე: „ჩვენ არ წამოვეგებით რუსეთის პროვოკაციას და არ გამოვიწვევთ სიტუაციის ესკალაციას“

fanCiსაქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. 2013 წლის იანვრიდან რუსეთი სხვადასხვა სიხშირით და ინტენსიურობით ახდენს მავთულხლართებისა და სხვადასხვა სახის ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ეს პროცესი, რომელიც 2011 წლიდან დაიწყო, ძალიან გვაშფოთებს და ვცდილობთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ამ უკანონობის აღსაკვეთად. შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, იგი ამ დღეებშიც მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი პასუხი რუსეთის ხელისუფლების არალეგალურ ქმედებებზე ყოველთვის იქნება თავშეკავებული, ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციას და არ გამოვიწვევთ სიტუაციის ესკალაციას. ჩვენ ველოდებით გარკვეული მიმართულებების განვითარებას, ისევე როგორც ეს ხდებოდა გასული თვეების განმავლობაში, მაგრამ გვაქვს შემუშავებული ჩვენი პოზიცია, თუ როგორც მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუკი ეს პროცესი გაგრძელდება და მიიღებს უფრო ინტენსიურ ხასიათს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, თუკი საქართველოს მოუწევს იმავე პირობებში დაბრუნება, რომლებიც აბაშიძე-კარასინის ფორმატის შემუშავებამდე არსებობდა, ქვეყნისთვის ეს დიდი დარტყმა არ იქნება, რადგანაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი ეკონომიკა ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე.