ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტიდან ევროკავშირისთვის წევრობის თხოვნით მიმართვის მუხლი ამოიღეს
საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტის საბოლოო ვარიანტიდან ამოღებულია მუხლი 49, რომელიც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს უფლებას ანიჭებს წევრობის შესახებ მიმართოს ევროკავშირს, თუ ის პატივს სცემს ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო ავრცელებს. "ტექსტში გამოყენებული ფორმულირებების შეცვლა მათ იმითაც შეძლეს, რომ პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოს მოიხსენიებს ქვეყნებად ან პარტნიორ ქვეყნებად, ნაცვლად სახელმწიფოსი. ეს ასევე განიხილება გაფართოების პერსპექტივის შესუსტებად", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, ვილნიუსის დეკლარაციის პროექტს, რომელშიც აღნიშნულია აქამდე მიღწეული ასპექტები და ის, თუ რა უნდა მოხდეს 2015 წლის სამიტამდე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები 27 ნოემბრამდე შეისწავლიან, ვიდრე მას 29 ნოემბერს ხელი მოეწერება. ამასთან, "რადიო თავისუფლება" აღნიშნავს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები შეეცდებიან შეიტანონ დოკუმენტში გარკვეული ფორმულირება რეგიონში არსებულ გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, დეკლარაციის პროექტი არ შეიცავს პუნქტებს აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტების შესახებ.