საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისი მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე ბატიაშვილი წარადგინა. მან მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე ჩაანაცვლა და დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
ალექსანდრე ბატიაშვილი კურირებას გაუწევს ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს. ასევე, მის საკურაციო სფეროში სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი იქნება.ალექსანდრე ბატიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ასევე, უშიშროების სამინისტროში იყო კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი. შემდეგ უშიშროების სამინისტროს კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
2003-2004 წლებში უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი იყო. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე, გავლილი აქვს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების კურსები.