საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ აირჩიეს

sazogad-yrilobaსაქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 13:00 საათზე,  „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მე-3 რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიამ ახალი წესდება დაამტკიცა და აირჩია ახალი თავმჯდომარე. დღეიდან პარტიას პოლიტსაბჭოს შემცირებული, 12-კაციანი შემადგენლობა ჰყავს. 
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე გახდა. პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი ერთხმად აირჩიეს. 
როგორც სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პარტიას ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ ვერავინ წარუძღვება. "ზუსტად იმ დროს, იმ ურთულეს ვითარებაში, შევქმენით პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელსაც ახალი ძალები უნდა გაეერთიანებინა და გვერდში დადგომოდა უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებს. ამ საქმეში პირველი ჩემი თანამოაზრე იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მაშინ ირაკლიმ ბევრ განსაცდელს გაუძლო. ყველას გახსოვთ, როგორ დაუპატიმრეს ოჯახის წევრი და, ამის მიუხედავად, ერთი წუთით არ დაუხევია უკან - იყო პარტიის დაარსების საინიციატივო ჯგუფის წევრი და პირველივე დღიდან პარტიის გამორჩეული სახე. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს, გაამართლებს ჩვენს ნდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ ორგანიზებული იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.