პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის სრული ტექსტი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მე-3 რიგგარეშე ყრილობაზე

analit-geo-1საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში. 13:00 საათზე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მე-3 რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. 
ყრილობის დელეგატების წინაშე სიტყვით ბიძინა ივანშვილ წარდგა:
მოგესალმებით, მეგობრებო!
მივესალმები ყრილობის დელეგატებს,
მივესალმები მოწვეულ სტუმრებს!
მადლობა მინდა გითხრათ ყველას, პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერებს, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას, თითოეულ წევრს ჩემთან ერთად ხალხისა და ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომელმაც დაიჯერა, მენდო და ბოლომდე გამომყვა ბრძოლაში, ხალხს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა სიბრძნე და მოთმინება, დიდი გამბედაობა და თავდადება.

ჩვენ ყველამ ერთად დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო და ამ ერთ წელიწადში საოცრება მოვახდინეთ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, ევროპული ღირებულებების ერთგული ხალხი ვართ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ, ნამდვილად დემოკრატიულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ.

ამ ერთ წელიწადში ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ “ნაციონალების” წასვლით ეს ქვეყანა ზურგს აქცევდა ევროპას, დაინგრეოდა და დემოკრატია დასამარდებოდა. ყველა, ჩვენთანაც და დასავლეთშიც, კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ტყუილი, რომ დემოკრატია ამ 9 წლის განმავლობაში იყო მოჩვენებითი და დემოკრატიის მიღწევებზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ახვევას, მხოლოდ “ნაციონალების” კეთილდღეობას და იმიჯის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

27 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნებით, ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ავტორიტარულ, სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებულ რეჟიმს. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ ჩემ გარშემო, რომლებმაც დაიჯერეს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის გზით, მხოლოდ არჩევნებით, მხოლოდ კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა დაგვემარცხებინა მოძალადე ხელისუფლება. მაშინ ეს წარმოუდგენელი ჩანდა, არავის ეგონა, რომ ამას შევძლებდით.

ზუსტად იმ დროს, იმ ურთულეს ვითარებაში, შევქმენით პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ახალი ძალები უნდა გაეერთიანებინა და გვერდში დადგომოდა უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებს.

ამ საქმეში პირველი ჩემი თანამოაზრე იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მაშინ ირაკლიმ ბევრ განსაცდელს გაუძლო. ყველას გახსოვთ, როგორ დაუპატიმრეს ოჯახის წევრი და, ამის მიუხედავად, ერთი წუთით არ დაუხევია უკან - იყო პარტიის დაარსების საინიციატივო ჯგუფის წევრი და პირველივე დღიდან პარტიის გამორჩეული სახე.

ამიტომაც  დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს, გაამართლებს ჩვენს ნდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და  უკეთ ორგანიზებული იქნება.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა მას და მის სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა, და, დარწმუნებული ვარ, იგი გაამართლებს ყველა ჩვენგანის ნდობას და ღირსეულად უხელმძღვანელებს ქვეყანას.

პარტიის გენერალურ მდივნად გთავაზობთ კახი კალაძის კანდიდატურას, რომელიც გამორჩეული სახეა ჩვენს პარტიაში, გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით და პასუხისმგებლობით. ჯერ სულ ახალგაზრდაა პოლიტიკაში და, ნახეთ, როგორი შესაშური  მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა გამოიჩინა. ყველაფერთან ერთად, კახი ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია.

ასე რომ, პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ!

მეგობრებო,

ჩვენს პარტიას პარლამენტში ძალიან დიდი წარმომადგენლობა ჰყავს და ეს პარტიის პასუხისმგებლობას ერთი ათად ზრდის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახით იყოს ძლიერი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პარტია, პარტია, რომლისთვისაც ხელისუფლებაში ყოფნა იქნება მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება თავისი ამომრჩევლის, ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ უნდა იქცეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილ პარტიად, რისი მავნე ტრადიციაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ ამბად იქცა. მე ვისურვებდი, რომ ჩვენი პარტია ნამდვილად იყოს იდეოლოგიითა და ღირებულებებით შეკავშირებული ადამიანების ერთობა, პარტია, რომელიც ქვეყნის სამსახურშია და რომელსაც ხალხის დიდი ნდობა აქვს. მე არ მჯერა იმ პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო თანამდებობის პირების დემოკრატობის, რომლებიც საკუთარ პარტიაში არ ამკვიდრებენ დემოკრატიას და არ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას, პირველ რიგში, საკუთარი პარტიის წევრების მიმართ. ამიტომ მინდა დავინახო, რომ ამ პარტიაში ყველა - ლიდერებიც და რიგითი წევრებიც - ერთნაირად გადიან შიდაპარტიული დემოკრატიის სკოლას. მე, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, ყოველთვის ვიქნები ამის გულშემატკივარი.

მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ იქნებით მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მმართველი პარტია, როგორ უნდა მოისმინოს ხალხის აზრი, რადგან ხალხის მონაწილეობის გარეშე არ უნდა წყდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია ქვეყნის მართვაში მონაწილეობა.

ეს არის ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა, ასეთია ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესი და საქართველოც სწორედ აქეთკენ უნდა მიისწრაფოდეს.

მეგობრებო,

ორი წლის წინ მე მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო ნაწილი, ხელისუფლებაში მოვიყვანე დემოკრატიული ძალები და ჩამოვაყალიბე საუკეთესო გუნდი.

მე შევასრულე დანაპირები - საქართველო თავისუფალია მოძალადე რეჟიმისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისაგან, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ყველას ინტერესების დამცველი, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება; საქართველოს ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია; საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ფეხზე დააყენებს ქვეყანას.

ეს იყო ჩემი ამოცანა და მე ეს ამოცანა შევასრულე. ამიტომ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდანაც მივდივარ.

დღეიდან მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც ერთი ამ ქვეყნის მოქალაქე. მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ.  და  არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, მეტიც, იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, შენი საზოგადოების რიგითი წევრი.

მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სწორედ სამოქალაქო პოზიციებიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი საზოგადოებაში ყოფნა და აქტიური საქმიანობა მეტ სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას.

მე გაძლევთ სიტყვას, რომ, სულ ცოტა ოცი წელი, მთელ ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი სამშობლოს ფეხზე დაყენებას. მხარს დავუჭერ ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იდგება, არავის დავამადლი რჩევებს და არც კრიტიკას მოვაკლებ ვინმეს, თუ ამას დაიმსახურებს.

მე, თქვენთან ერთად, არ დავიღლები ხელისუფლებაში მყოფი პირებისთვის იმის შეხსენებით, რომ ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით, რომ კანონები მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად გვჭირდება და არა მეტი შეზღუდვებისთვის, რომ სამართალიანობა მართალის ძლიერებას ნიშნავს და არა ძლიერის სიმართლეს.

მე ძალისხმევას არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩვენ პროგრესულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. როცა საზოგადოება პროგრესულია, მხოლოდ მაშინ არის ის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა. ეს არის ჩემი ქართული ოცნება! ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული ქვეყნის პროგრესული საზოგადოება. მე ამის მჯერა!

დაბოლოს, წარმატებებს ვუსურვებ პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. დარწმუნებული ვარ, პარტია ღირსეულ კონკურენციას გაუწევს სხვა პარტიებს და მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

წარმატებებს გისურვებთ ყველას!