სამართალი
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის რანგში პირველ განცხადებას ავრცელებს

farcxala-sam-3საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 21 ნოემბერს გავრცელდა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძის განცხადება, სადაც ის საკუთარ გეგმებსა და სტრატეგიაზე ლაპარაკობს. მის განცხადებას საქინფორმი მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

“პროკურატურის  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმაჩნია სტაბილური და თანმიმდევრულად განვითარებადი პროკურატურის სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბება. რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ხარისხიანი და ეფექტური გამოძიების წარმოებას, კომპეტენტური საპროცესო ზედამხედველობის განხორციელებას, სასამართლო პროცესებზე პროკურორთა კვალიფიციურ გამოსვლას.

აღნიშნული ამოცანების წარმატებით დასაძლევად, საჭიროა, ერთის მხრივ, ძლიერი და ერთიანი პროფესიული  გუნდის ჩამოყალიბება და მათი თავდაუზოგავი მუშაობა, ხოლო მეორეს მხრივ, სისტემის სწორი მართვა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება.

პროკურატურაში ჩემი მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული სფერო, ასევე, აუცილებლად  იქნება ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრების მოზიდვის, მათი სტაჟირების ფარგლებში გადამზადების, საუკეთესოების  დასაქმების და ამ სეგმენტის - პროკურატურის ორგანოებში მუდმივი შემოდინების კუთხით - მუშაობის შესამჩნევად გაძლიერება.

ვფიქრობ, რომ შესაძლოა პროკურატურაში შემოღებულ იქნეს  თანამშრომელთა ე.წ.  "შიდა შეფასების სისტემა," რომელიც შედგენილი იქნება სხვადასხვა კრიტერიუმისგან, რაც, ერთის მხრივ, იქნება ჯანსაღი კონკურენციის და საკუთარ თავზე სისტემატურად მუშაობის მზაობის საფუძველი თითოეული პროკურორის მხრიდან,  ხოლო მეორეს მხრივ, საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ კონკრეტული პროკურორების საქმიანობის ხარისხი, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები“, - ნათქვამია ფარცხალაძის განცხადებაში.