საზოგადოება
„შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. მასზე გავლენა მოახდინა როგორც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა, ისე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის გუშინდელმა განცხადებამ“, - თქვა კარასინმა ხუთშაბათს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ „მოსკოვში ყურადღებით მოეკიდნენ წინასაარჩევნო კამპანიის და ხმის მიცემის მიმდინარეობას და, რაც მთავარია, პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველ განცხადებებს”.
“ყველაფერი, რაც ითქვა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის შესახებ, ჩვენ მიერ მთლიანობაში პოზიტიურად აღიქმება. ეს ეხმიანება იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. აი, ამ სულისკვეთებით ავაგეთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, მხარეებმა „შუალედურად შეაჯამეს 1 წელიწადში გაწეული ერთობლივი მუშაობა და მივიდნენ საერთო დასკვნამდე, რომ თუ ყველაფერი არა, მაინც ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებს მიაჩნიათ რომ გასული წლის დეკემბერში გაცხადებული ამოცანების დაახლოებით 80% შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს. ეს, უპირველესად, ვაჭრობის სფეროს ეხება. რაც შეეხება ადამიანებს შორის კონტაქტებს, აშკარაა პოზიტიური ტენდენციები. გაფართოვდა საქართველოს მოქალაქეთა ის წრე, რომელსაც ე.წ. „ნათესაური“ ვიზები ეძლევათ. გასული თვის განმავლობაში გაცემულია დაახლოებით 14 ათასი ვიზა“, - დასძინა რუსმა დიპლომატმა.