საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საქმე ისე წავიდა, მეგრელს რცხვენია უკვე მეგრულად საუბრის. ვინ შექმნა ეს პირობები? ამერიკაში 50 შტატია, მაგრამ იქ სამი სახელმწიფო ენა აქვთ. საჭიროა ისწავლებოდეს მეგრული, ტელევიზიასა თუ რადიოში იყოს გადაცემები ამ ენაზე, - ამის შესახებ ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე (შეხვედრის ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ ) შემოქმედთა რეგიონული საზოგადოება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიამ განაცხადა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს 4 ძირითად კითხვას: 1. არის თუ არა მეგრული ენა? 2. და თუ არის, მაშინ არის თუ არა ის ეროვნული სიმდიდრე? 3. ემუქრება თუ არა მას გადაშენების საფრთხე? 4. რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ამ საშიშროების თავიდან ასარიდებლად?
შეხვედრაზე, რომელსაც USAID-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ქართულად და მეგრულად განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხებოდა მეგრული ენის გადაშენების საფრთხეს, სამეგრელოს რეგიონისთვის ავტონომიური რესპუბლიკის მინიჭებას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში და აღნიშნეს, რომ დღეს გაცნობიერებულად ხორციელდება მეგრელების ასიმილაციის პოლიტიკა.„საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო ვალდებულება, ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა ევროპის რეგიონული ენების ქარტიისთვის, რაც გაქრობის პირას მყოფი ენების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. მეექვსე შეხვედრას ვმართავთ და არცერთხელ არ დაგვსწრებიან ხელისუფლების, სახალხო დამცველის, სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლები. ხდება საკითხის იგნორირება. ენის თვითმყოფადობის გადასარჩენად გამოსავალი სამეგრელოსთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებაა“, - განაცხადა განათლების ცენტრ „კოლხიდას“ წარმომადგენელმა იური ღვინჯილიამ.
შეხვედრის მონაწილეთა თქმით, დღეს საფრთხე არა მხოლოდ მეგრულს, არამედ სახელმწიფო ქართულ ენასაც ემუქრება, რომლის უცხო ენებით ჩანაცვლების პროპაგანდა ხელისუფლების მხრიდან აქტიურად ხორციელდება.
აღნიშნული შეხვედრა მონაწილეებმა მეგრული ხალხური სიმღერით დაასრულეს.