საქართველო, 21 ნოემბერი,
საქინფორმი. ჰელმანდის პროვინციაში
„რეგიონული სარდლობა სამხრეთ დასავლეთის“ დაქვემდებარებაში მყოფმა
ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ნოუზადის რაიონში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა კოდური სახელით
„სემკეპი“. ოპერაციის მთავარი მიზანი პასუხისმგებლობის რაიონში
თალიბების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა, ბუფერული ზონების შექმნა, „წითელი გზის“ დაცვის გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
ბათუმის ბატალიონის “ალფა” და “ჩარლი” ასეულების ჯარისკაცებმა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ოპერაცია დილის 9 საათზე დაიწყეს. სოფლის უხუცესებთან შეხვედრისას ქვეითი პატრულის უსაფრთხოების უზრუნველყოფით დაკავებული ქართველების ჯავშანმანქანა „MRAP“ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა. თუმცა, ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა. ოპერაცია „სემკეპი“ 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. ჯავშანმანქანა “MRAP”-ების გარდა, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების უსაფრთხოებას ჰაერიდან “სუპერ კობრა“ და UH-1 ე.წ. იროკეზი-იანკი მოდელის ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ.